სამი გარიგება და 10 000 ლარიანი ბრუნვა – საქართველოს საფონდო ბირჟა იანვარში

საქართველოში საფონდო ბირჟა წლებია უმნიშვნელოდ ფუნქციონირებს, წლიდან წლამდე არც გარიგებების მოცულობა და რაოდენობა იცვლება მნიშვნელოვნად.
2024 წლის პირველ თვეს სავაჭრო სესიებზე მხოლოდ 3 გარიგება დაიდო, რომელიც „ლიბერთი ბანკს“ უკავშირდებოდა. აქციების რაოდენობამ 400 000, ხოლო ღირებულებამ 10 000 ლარი შეადგინა.
2023 წელს სავაჭრო სესიებზე კი ჯამში მხოლოდ 29 გარიგება დაიდო, აქციების რაოდენობამ 3 804 161, ხოლო ღირებულებამ 162 429.62 ლარი შეადგინა. გასულ წელს მხოლოდ „ლიბერთი ბანკის“ და „ს“ აქციებზე დაიდო გარიგება. რაც შეეხება წინა წლის სტატისტიკას, 2022 წელს გარიგებების რაოდენობა 19, ჯამური ღირებულება კი 13 619.37 ლარი იყო.
თვეების მიხედვით, გასულ წელს ბირჟაზე ყველაზე აქტიური თებერვალი, ივნისი და ოქტომბერი იყო, როდესაც 5-5 გარიგება დაიდო, ყველაზე პასიური კი მარტი-აპრილი, როდესაც არცერთი გარიგება არ დადებულა.
საქართველოს საფონდო ბირჟაზე 2023 წელს განხორციელებული ვაჭრობის შედეგები:
იანვარი : 2 გარიგება, ღირებულება – 2 108.91 ლარი;
თებერვალი : 5 გარიგება, ღირებულება – 16 086.25 ლარი;
მარტი : არცერთი გარიგება;
აპრილი : არცერთი გარიგება;
მაისი : 1 გარიგება, ღირებულება – 5 000 ლარი;
ივნისი : 5 გარიგება, ღირებულება – 6,752.47 ლარი;
ივლისი : 2 გარიგება, ღირებულება – 10 990 ლარი;
აგვისტო : 1 გარიგება, ღირებულება – 5 481.20 ლარი;
სექტემბერი : 3 გარიგება, ღირებულება – 3 790.21 ლარი;
ოქტომბერი : 5 გარიგება, ღირებულება – 107 754 ლარი;
ნოემბერი : 3 გარიგება, ღირებულება – 466.59 ლარი;
დეკემბერი : 2 გარიგება, ღირებულება – 4 000 ლარი.
მთავრობის წევრები, პოლიტიკოსები თუ ეკონომისტები პერიოდულად კაპიტალის ბაზრის ამოქმედების მნიშვნელობაზე საუბრობენ, თუმცა რეალობა არ იცვლება. საქართველოს საფონდო ბირჟა (სსბ) არის ერთადერთი მოქმედი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარი საქართველოში, რომელიც USAID-ის მხარდაჭერით ჩამოყალიბდა და ფუნქციონირებს ამერიკელი ექსპერტების დახმარებით შემუშავებულ საკანონმდებლო ჩარჩოებში. სსბ აკმაყოფილებს ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის საერთაშორისოდ დამკვიდრებული პრაქტიკის ყველა საბაზისო მოთხოვნას.
გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს საფონდო ბირჟა ერთადერთი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარია საქართველოში, სადაც 23 კომპანიის აქციები და ობლიგაციებია განთავსებული. მათი საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია კი 748 მილიონ დოლარს შეადგენს.