„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობას“ – ირაკლი კობახიძის სამთავრობო პროგრამა

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობას“ – ირაკლი კობახიძის სამთავრობო პროგრამა
ირაკლი კობახიძის სამთავრობო პროგრამის „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ მიხედვით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობას.
პროგრამის თანახმად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაციის ფარგლებში ურთიერთობების განვითარებას დოკუმენტით განსაზღვრული ყველა პრიორიტეტული მიმართულებით, მათ შორის კავშირების გაღრმავებას სავაჭრო-ეკონომიკური, ხალხთაშორისი, კულტურის, განათლების, სექტორულ და სხვა სფეროებში, ისევე როგორც საერთაშორისო ფორმატებში არსებული თანამშრომლობის პოზიტიური დღის წესრიგის შენარჩუნებას. აქტიური თანამშრომლობა ევროპასა და აზიას შორის საქართველოს გავლით ტვირთბრუნვის მოცულობების გაზრდის თვალსაზრისით ასევე მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს.
„არსებულ გარემოში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოსთვის პარტნიორ და მეგობარ სახელმწიფოებთან ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გამყარება, თანამშრომლობის არსებული ფორმატების თვისობრივად ახალ საფეხურზე აყვანა და ახალი სფეროების მოძიება“, – ნათქვამია პროგრამაში.
საგარეო პრიორიტეტები შემდეგია:
· სამთავრობო პროგრამის მიხედვით, საქართველოსთვის მთავარ პრიორიტეტად დარჩება ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება.
· ევროკავშირთან თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.
· ქვეყნის სატრანზიტო როლის გაზრდა. კონკრეტულად კი ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანზიტო და ენერგეტიკული მარშრუტების განვითარება.
· როგორც დოკუმენტში წერია, საქართველოს უპირველეს მიზნად რჩება “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა”.
· დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებას.ამავდროულად, ქვეყანა განაგრძობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში მონაწილეობას.
ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ 97-გვერდიან სამთავრობო პროგრამაში ოთხი მთავარი მიმართულებაა გამოყოფილი: საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკური განვითარება, სოციალური მიმართულება და სახელმწიფო მმართველობა.
მმართველი გუნდის, „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს შეცვლის. ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტს მხოლოდ თავდაცვის მინისტრი იცვლება. მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას 8 თებერვლის პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს. პარლამენტმა კი, პროცესი დღეს, 10:00 საათიდან კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრობის კანდიდატების მოსმენით დაიწყო.