ზესტაფონის სპორტული სკოლის დირექტორი ამბობს, რომ ბუღალტრის დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ პროკურატურის შეტყობინების შემდეგ შეიტყო და ბუღალტერი მყისიერად გაათავისუფლა თანამდებობიდან.
“როგორც კი გავიგეთ შესაბამისი ორგანოებიდან, რომ იყო რაღაც დარღვევაზე საუბარი, მყისიერი რეაგირება გვქონდა, მეორე დღესვე გათავისუფლებული იყო ბუღალტერი თანამდებობიდან. მე თვითონაც ძალიან მაინტერესებს როგორც დირექტორის, რომ მეტი დეტალი ვიცოდე. ყველა მეუბნება, რომ დაველოდოთ გამოძიებას. ეჭვებზე ვერ ვისაუბრებ” ამბობს სკოლის დირექტორი ზაზა მახათაძე.
სკოლის ერთ-ერთი მწვრთნელის ინფორმაციით, კი ბრალდებულმა ბუღალტერმა გამოძიებას უთხრა, რომ თანხა “ოჯახური მდგომარეობის გამო დასჭირდა”.
შეგახსენებთ, ზესტაფონის სიმონ საყვარელიძის სახელობის სპორტული სკოლის ბუღალტერს დიდი რაოდენობით თანხის მითვისებას ედავებიან. პროკურატურის ინფორმაციით, მიმდინარე და გასული წლების განმავლობაში, მან სახელმწიფოს კუთვნილი 86 699 ლარი საკუთარ ანგარიშზე ჩაირიცხა.
პროკურატურამ გამოძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის საფუძველზე დაიწყო. გამოძიების ინფორმაციით, ბუღალტერს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ გამგებლობაში იმყოფებოდა) წარედგინა.
აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მიზნით, გამოძიება სასამართლოს მიმართავს.