ჩვენც გვჭირდება ჩვენი ავთენტიკური სამზარეულოს განვითარებაში ინოვაციები და ამას არ უნდა შევუშინდეთ – შოთა ბურჯანაძე

რა სარგებელს იღებს საქართველო, გასტროკონგრესზე Madrid Fusión მონაწილეობით, რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში Madrid Fusión-ის გასტროკონგრესის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
როგორც მან განმარტა, Madrid Fusión არის კულინარიული ინოვაციების ფესტივალი, რაც მნიშვნელოვანი პლატფორმაა ჩვენი ქვეყნისთვის.
„ Madrid Fusión არის მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური გასტრონომიული კონგრესი, სადაც ძალიან ბევრი ქვეყანა იღებს მონაწილეობას. აქ მსოფლიოდან მოწვეულია 500-ზე მეტი მედიასაშუალება და ჰყავს 20 000-ზე მეტი სტუმარი, შესაბამისად ეს ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც ჩვენ ვართ, ძალიან მნიშვნელოვანია. Madrid Fusión არის კულინარიული ინოვაციების ფესტივალი.
ჩვენს ქვეყანაში თითოეულ კუთხეს, სოფელსა თუ დაბას აქვს რაღაც განსაკუთრებული კერძი. შესაბამისად როდესაც ასეთი ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობა ხდება მსოფლიო მასშტაბით, ასეთი დიდი კონგრესის მეშვეობით, ეს მხოლოდ და მხოლოდ დადებითის მომტანია ქვეყნისთვის. ის, რაც დღეს შეიძლება ახალი იყოს მსოფლიოსთვის ცნობილი, ზუსტად ამის გაცნობის შესაძლებლობაა
დღესდღეობით, ეს ჩვენი ტურისტული პოტენციალის გასაცნობად მეორე დიდი წარმატებული კონგრესია. ჩემი აზრით, პირველი ITB Berlin იყო, რომელმაც გარკვეულწილად ძალიან დიდი მასშტაბები შესძინა ჩვენს ქვეყანას.“
მან ასევე ისაუბრა იმ სერვისსა და მომსახურებაზე, რასაც ფესტივალების შედეგად დაინტერესებულ ტურისტებს ვახვედრებთ,
„მიუხედავად იმიასა, რომ ათეული წლების მანძილზე სერვისი არის გაუმჯობესებული, რა თქმა უნდა, ეს არ არის ის სტანდარტი, რომელიც იქნებოდა მისაღები. განვითარებასა და მოზიდული ტურისტების ზრდასთან ერთად, სტანდარტებზე მოთხოვნაც იზრდება.
ტურისტული ვიზიტისას, ჩვენ ვყიდულობთ არა კონკრეტულ პროდუქტს, არამედ ემოციას. ეს ემოცია არის საქართველოსთვის დამახასიათებელი დადებითი კონტექსტი, რომლითაც იხიბლება ტურისტი და არ უნდა დავკარგოთ. ეს სერვისის განვითარებასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია. ამ ემოციის ყიდვის საფუძველზე, იზრდება ინტერესი საქართველოს მიმართ“.
როგორც რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა აღნიშნა, საერთაშორისო პოზიციონირების გასაზრდელად ინოვაციურობა გვჭირდება.
„ Madrid Fusión ზოგადად ინოვაციების თემაა. ჩვენც გვჭირდება ზუსტად ჩვენი ავთენტიკური სამზარეულოს განვითარებაში ინოვაციები და ამას არ უნდა შევუშინდეთ, თუნდაც ექსპერიმენტები ვატაროთ ჩვენს სამზარეულოში. ის ტრადიციები, რაც ქართულ სამზარეულოს აქვს, შენარჩუნდეს და გარკვეულწილად ინოვაციები იქნეს შემოტანილი, რომელიც თუნდაც ცნობადობას და განსაკუთრებულობას გაზრდის. ამას არ უნდა შევუშინდეთ. ის რაც მოსაწონი არ იქნება, თავისთავად იქნება უარყოფილი. დარჩება მხოლოდ და მხოლოდ დადებითი”.
მისი თქმით, Madrid Fusión ერთგვარი გასაღები კარია იმისა, რომ სხვა მსგავსი ტიპის მაღალი დონის ღონისძიებებზე ქართული დელეგაცია აქტიურად იყოს წარმოდგენილი.

ესპანეთში, მადრიდში მიმდინარე მსოფლიოში ყველაზე გავლენიან გასტრო კონგრესზე Madrid Fusión 2024, რომელიც 29-31 იანვარს გაიმართა, ქართულ სამზარეულოს გაეცნენ. Madrid Fusión-ზე ქართული სამზარეულო მადრიდში მდებარე რესტორანმა „ნუნუკამ“ წარადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ