შს მინისტრი გელა გელაძე, რომელიც პოსტს 2025 წლის 28 მაისიდან იკავებდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უხელმძღვანელებს – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სუსის ყოფილი უფროსი, მამუკა მდინარაძე კი დაიკავებს ახალ პოსტს – სამართალდამცავი ორგანიზაციების კოორდინაციის სახელმწიფო მინისტრის პოსტს დაიკავებს. ახალი უწყების შექმნისთვის მთავრობა პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებებით მიმართავს. ამასთან, მამუკა მდინარაძეს ვიცე-პრემიერის პოსტიც ექნება.
რაც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს, მას აჭარის მთავრობის ყოფილი უფროსი, სულხან თამაზაშვილი დაიკავებს – აღნიშნულის შესახებაც განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გააკეთა.
გელა გელაძის ქონებრივი დეკლარაცია
დღესვე გამოქვეყნდა გელა გელაძის ახალი ქონებრივი დეკლარაცია, რომელიც 2025 წელს მიღებულ შემოსავლებს და აქტივებს ასახავს. დეკლარაციის თანახმად, გელა გელაძე და მისი მეუღლე, ნათია ელიზბარაშვილი ფლობენ არაერთ სახლს და უძრავ ქონებას.
2025 წელს გეკა გელაძემ (28.05.2025 – 31.12.2025) პერიოდში 80553 ლარის ანაზღაურება მიიღო, უფრო ადრე (05.04.2025-28.05.2025) პერიოდში მუშაობდა სუსის უფროსის მოადგილის პოსტზე, სადაც ანაზღაურების სახით 21138 ლარი მიიღო, ხოლო 01.01.2025-05.04.2025 პერიოდში კი თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა, სადაც ანაზღაურების სახით 27322 ლარი მიიღო.
დეკლარაციის მიხედვით, ქონების უმეტეს ნაწილი მეუღლე ნათია ელიზბარაშვილის სახელზეა რეგისტრირებული.
თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, ელიზბარაშვილს ეკუთვნის 175 კვ.მ ბინა, რომელიც 2012 წელს 182 350 დოლარად შეიძინა, ასევე ორი ავტოფარეხი — თითოეული 10 000 დოლარად. იმავე გამზირის N46-ში რეგისტრირებულია 60 კვ.მ ბინა და 9 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი, ორივე 2007 წელს ჩუქებით გადმოცემული.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში, სამი ბინაა: 44.7, 30.27 და 60.9 კვ.მ ფართობის, ჯამში 165 820 ლარად შეძენილი 2017 წელს.
კოჯორში ელიზბარაშვილს 817 კვ.მ მიწა ეკუთვნის, რომელზეც 403 კვადრატული მეტრის ნაგებობა არის განთავსებული.
გელა გელაძის სახელზე რეგისტრირებულია საცხოვრებელი სახლი თბილისში, ბეთანიის დასახლებაში — 1 468 კვ.მ, 2009 წელს ჩუქებით მიღებული. მეუღლესთან ერთობლივ საკუთრებაში (50/50) არის 94 კვ.მ მიწის ნაკვეთი თბილისში. გელაძეს ასევე ეკუთვნის 50% ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ მაღრაანში მდებარე 7 350 კვ.მ მიწის ნაკვეთში.
გელა გელაძეს Toyota L200 ეკუთვნის, 2013 წელს 70 000 დოლარად შეძენილი. ნათია ელიზბარაშვილს — Mercedes-Benz, 2019 წელს 105 000 ევროდ შეძენილი.
გელა გელაძეს TBC ბანკთან 180 000 GEL-ის იპოთეკური სესხი აქვს გაფორმებული, 2024–2034 წლების ვადით. 2025 წელს სესხზე 30 302 GEL გადაიხადა.
ნათია ელიზბარაშვილმა 2025 წელს ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე 234 კვ.მ კომერციული ფართი და ავტოფარეხი 400 000 დოლარად გაყიდა. იმავე წელს შპს „გუმბათი ჰოლდინგთან” გაფორმდა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება — ნ. ყიფშიძის ქუჩაზე 152 კვ.მ ბინა და 16 კვ.მ ავტოსადგომი, 400 000 დოლარად.
შპს „მ2 ჯგუფთან” გაფორმებულია ორი წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება: 168 კვ.მ ბინა და 19.7 კვ.მ ავტოფარეხი ინოვაციების ქუჩაზე, ჯამში 242 041 დოლარად. 2025 წლის ივნისში ბინის ხელშეკრულება სრულწლოვან შვილზე, ელენე გელაძეზე გადაიწერა. შპს „ორბი ჯგუფ თბილისთან” 150 000 დოლარად სასტუმრო ნომრის შეძენის ხელშეკრულება არის გაფორმებული.
ელენე გელაძის, სწავლის საფასური University of Exeter-ში — 35 097 GBP წელიწადში. 2025 წელს ამ მიმართულებით 10 985 GBP და 10 985 EUR დაიხარჯა. კიდევ ერთი შვილი ევროპულ სკოლაში სწავლობს, წლიური გადასახადი 7 000 EUR-ია, 2025 წელს გადახდილია 22 115 GEL.




