“დადებითი დინამიკაა, თუმცა რჩება კოგნიტური გაუარესება” – ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნა

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმი პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნას აქვეყნებს. ომბუდსმენის კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ვივა მედში ბოლოს 2024 წლის 25 იანვარს მოინახულა.
დასკვნის თანახმად, ამჟამად სახეზეა დადებითი დინამიკა, რაც გამოიხატება წონის მატებაში და ნეგატიურ ორთოსტატიურ ტესტში. თუმცა, აღნიშნულია, რომ კვლავ რჩება კოგნიტიური გაუარესება, კუნთთა ჰიპოტროფია, ნეიროპათია, შფოთვა, დეპრესია. ექიმთა ჯგუფის აზრით, პაციენტი საჭიროებს მჭიდრო სამედიცინო მეთვალყურეობას, ფსიქოლოგიურ ინტერვენციას.
კონსილიუმის დასკვნის თანახმად, არსებული დადებითი დინამიკა განპირობებულია იმით, რომ პაციენტი წელიწად-ნახევარზე მეტია იმყოფება პოლიპროფილურ კლინიკაში მაღალპროფესიონალი ექიმების მეთვალყურეობის და მკურნალობის ქვეშ. თუმცა, აღნიშნულია, რომ ყველა ფსიქონევროლოგიური პათოლოგია კვლავ იგივე ხარისხისაა.
ექიმ-ექსპერტების დასკვნა:
ჩივილები/ანამნეზი
საერთო სისუსტე, წონასწორობის კარგვა, დაბუჟების შეგრძნება კი­დუ­რებში, ენერგიის დაქვეითება, კონცენტრაციის დაქვეითება, მეხსიერების გაუარესება.
ლაბორატორიული კვლევებიდან აღსანიშნავია მიკროციტარული ანემია Hb 9,9g/l, ლეიკოპენია 3300.
იღებს სეციტას, ტრიტიკოს, ვალსაკორს, ნებილეტს, ატარაქსს, ტამსულოზინს, რამოდენიმე საპლემენტს, სიმპტომურად არასტეროიდებს.
გასინჯვის შედეგი
პაციენტი ძირითადად წევს, თავს სუსტად გრძნობს, კითხვებს უხალისოდ პასუხობს, კოგნიტიური ფუნქციები შეფასდა MMSE სკალით – 21 ქულა (N≥25), გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის შეფასების სკალით (GAD-7) 18 ქულაა, რაც მძიმე შფოთვაზე მიუთითებს, დეპრესიის შეფასების PHQ-9 კითხვარით 21 ქულაა, რაც ასევე მძიმე დეპრესიაზე მიუთითებს, ორმხრივ აბდუქციისას ვლინდება end gaze არამყარი ნისტაგმი, მუხლის რეფლექსები დუნეა (1 ქულა), აქილევსის ორმხრივ არ იწვევა, იწვევა ხორთუმის რეფლექსი, მუცლის კანის რეფლექსი მარჯვნივ დუნეა, მარცხნივ არ იწვევა, ძალა კიდურებში დიფუზურად დაქვეითებულია სიმეტრიულად (4 ქულა), ცხვირთითის ტესტებს დისმეტრიით ასრულებს ორმხრივ, ალტერნატიული მოძრაობის ტესტები ქვემო კიდურებში გაუარესებულია (სისუსტის გამო), მუხლქუსლის ტესტებს ასევე სისუსტის გამო დისმეტრიით ასრულებს, რომბერგის პოზაში არამყარია, ტანდემური სიარული შეუძლებელია, გადაადგილდება მოკლე დაბალი ნაბიჯებით, ორმხრივ ქვემო კიდურებზე დისტალურად ვიბრაციული მგრძნობელობა მკვეთრად გაუარესებულია კოჭების ჩათვლით, გაუარესებულია ჩხვლეტის შეგრძნებაც ზედა კიდურებზე მაჯიდან ქვემოთ, ქვემო კიდურებზე ბარძაყის ზემო მესამედიდან ქვემოთ. ვლინდება კანის დაქვეითებული ტურგორი, განლეული კანქვეშა ცხიმი და გამოხატული კუნთების ატროფია.
ჩატარდა ორთოსტატიული ტესტი, ჰორიზონტალურად წნევა 150/80, პულსი 64′, ვერტიკალუ­რად 3წთ-ის შემდეგ წნევა 140/90, პულსი 74′. ტესტი ნეგატიურია.
პაციენტის წონა: 77კგ, (BMI-20.5) მხრის გარშემოწერილობა D-25.5, S -26სმ, triceps skinfold thikness (TSF) 1.2სმ (მხრის კუნთების ფარ­თობი გამოთვლილი იქნა ფორმულით [(25,5-π*1.2)^2]/4π -10 = 27.6 (N-54±11), რაც კუნთების გან­ლევის ერთ-ერთი მარკერია), ბარძაყის გარშემოწერილობა D-44სმ, S-43სმ, წვივის გარ­შე­მო­წე­რილობა D-35, S-35, კუნთთა ტონუსი დაქვეითებულია.
ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტებმა: ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ და ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა გიორგი გრიგოლიამ. ვიზიტის შემდგომ გამართულ ონლაინ განხილვაში მონაწილეობდნენ ასევე, კარდიოლოგ/არითმიოლოგი გიორგი პაპიაშვილი, თერაპევტი, შინაგან სნეულებათა და ჰოსპიტალური მედიცინის სპეციალისტი გრიგოლი ხურციძე, ჰემატოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, ინტერნისტი და პალიატიური მედიცინის სპეციალისტი აიდა გოზალოვა, კარდიოლოგი გიორგი კაჭარავა და ენდოკრინოლოგი ნინო ზავრაშვილი.
ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ ექიმთა ჯგუფი მორიგ ვიზიტს პაციენტთან განახორციელებს საჭიროების შესაბამისად.