თეა ახვლედიანი – გვაქვს ურყევი მზაობა, ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებს შევთავაზოთ უკეთესი მომავლის პერსპექტივა, დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდობა, განვითარება და ევროპული მომავალი, ყველა ჩვენგანის განუხრელი არჩევანია

მთავრობის განსაკუთრებული ზრუნვის საგნად კვლავ დარჩება გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირება და მათი მხარდაჭერის მიზნით ინფრასტრუქტურული, სოციალურ-ეკონომიკური, საგანმანათლებლო და სხვა ღონისძიებების განხორციელება,-ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა თეა ახვლედიანმა პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და წესების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით გაგრძელდება მუშაობა 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების სახელმწიფო პროგრამის ეფექტიანობის გაზრდის მიმართულებით, „რათა შეძლებისდაგვარად მეტ ადამიანს დავუბრუნოთ პასუხი მათი გაუჩინარებული ოჯახის წევრის ხვედრის თაობაზე“.
„რა თქმა უნდა, აქტიურად გაგრძელდება გასულ წლებში ერთიანი სამთავრობო გუნდით წამოწყებული ყველა ინიციატივა; ამასთან, ხაზგასასმელია, რომ ჩვენი ხედვა ახალი სამოქმედო გეგმების შემუშავებისა თუ სტრატეგიების ადაპტაციის პროცესში ითვალისწინებს სწრაფად ცვალებად რეალობას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებსა და მიმდინარე საჭიროებებს, იმ მიზნით, რომ კიდევ უფრო ქმედითი, შედეგზე- ორიენტირებული და ოპტიმალურ გზები გამოვნახოთ ახალი შესაძლებლობების განვითარებისთვის.
გვაქვს ურყევი მზაობა, ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებს შევთავაზოთ უკეთესი მომავლის პერსპექტივა; დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდობა, განვითარება და ევროპული მომავალი, ყველა ჩვენგანის განუხრელი არჩევანია“,- განაცხადა თეა ახვლედიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

იგორ ნარმანია – იმდენი გააკეთა “ქართული ოცნების” რუსულმა ხელისუფლებამ, რომ აშშ-ის საელჩო „ქარდებით“ გველაპარაკება, მთელი დასავლური სამყარო აცნობიერებს, თუ როგორი მნიშვნელობა აქვს 26 ოქტომბრის არჩევნებს