ძალიან რთულია ქართველ პოლიციელს სისტემამ მოტივაცია მოსთხოვოს, როდესაც სისტემა მას აიძულებს საქართველოში საქეიფოდ ჩამოსული ოკუპანტების ტაშ-ფანდური, მათი რესტორანში უსაფრთხოება და სიმშვიდე დაიცვას, [სისტემას] ოკუპანტების დაცვად ჰყავს გადაქცეული. ძალიან რთულია ქართველ პოლიციელს მოვთხოვოთ მოტივაცია, როდესაც სისტემა მათ საარჩევნო პერიოდში კრიმინალების მფარველად და კრიმინალებთან თანამშრომლობას აიძულებს, – ასე მიმართა „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა შს მინისტრობის კანდიდატს, ვახტანგ გომელაურს პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე.
ანა ნაცვლიშვილი გამოეხმაურა ვახტანგ გომელაურის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ სისტემის მთავარი საყრდენი ღირსეული, თანამედროვე და მოტივირებული პოლიციელია. დეპუტატის განცხადებით, ის იზიარებს მოტივირებული პოლიციელის მნიშვნელობას, თუმცა პოლიციელისადმი ამის მოთხოვნა რთულია, როდესაც მას სისტემა სხვა რამეს აიძულებს.
„ძალიან რთულია პოლიციელებს მოტივაცია მოვთხოვოთ, როდესაც მათ რეპრესიული კანონების შესრულებას აიძულებს სისტემა და მაღალჩინოსნებისთვის ხელის დაფარებას. მე ოფიციალური სტატისტიკა მაქვს ხელთ, ამიტომ არის, რომ თქვენ სისტემას ყოველწლიურად ასობით პოლიციელი ტოვებს. მათ შორის, ტოვებენ იმდენად მძიმე გზის გავლით, როგორიც არის არალეგალური გზა ცნობილი მექსიკის საზღვრის გავლით. სამწუხაროდ, ასობით ადამიანი ტოვებს ქართულ პოლიციას.
მე ძალიან კარგად მესმის, რომ თქვენი ამოცანა და მოტივაცია არ არის საქართველოს უსაფრთხოებაზე ზრუნვა“-მიმართა ანა ნაცვლიშვილმა ვახტანგ გომელაურს.
ნაცვლიშვილის ამ განცხადებას სხდომაზე გამოეხმაურა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი და დეპუტატს მიუთითა, რომ შეკითხვა დასვას.
„შეკითხვებს ვსვამ, თქვენი კოლეგები რომ დააწყნაროთ ჯობია, როგორც სხდომის თავმჯდომარემ“, – მიმართა ნაცვლიშვილმა ოხანაშვილს.
ანრი ოხანაშვილმა კი უპასუხა, რომ დაწყნარება არავის სჭირდება, შესაბამისად, შინაარსობრივი და პროფილური მიმართულების კითხვა დასვას.
ამის შემდგომ ანა ნაცვლიშვილმა შეკითხვით მიმართა შს მინისტრობის კანდიდატს, როგორ იცავს ქვეყნის უსაფრთხოებას ოკუპანტ სახელმწიფოსთან, ამავდროულად უარია ნათქვამი რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესებაზე.
„საქართველოში ოკუპანტებისთვის მოღებულია ამ ქვეყნის კარი და არანაირი კონკრეტული ინსტრუმენტით არ მოწმდება საქართველოში შემოსული რუსების მოტივაცია, ის მართლაც არის პუტინის რეჟიმს გამოქცეული ადამიანი, რომელიც ამ ქვეყნისთვის არანაირ საფრთხეს არ ატარებს, თუ ის არის ამ ქვეყნის არაკეთილმოსურნე, რომელიც მოდის ოკუპანტი ქვეყნის ზრახვების გასატარებლად.
აქვე მაინტერესებს თქვენი მოსაზრება, საყოველთაოდ ცნობილია რუსეთის დოქტრინა, რომ ის ყველგან გაჰყვება თავის მოქალაქეს თუ საჭიროა ტანკით, იმისთვის, რომ მისი „უფლებები“ დაიცვას. ამ ვითარებაში, თქვენმა ხელისუფლებამ უარი განაცხადა სავიზო რეჟიმის შემოღებაზე, როდესაც თქვენი ხელისუფლება აქ, რუსეთის მოქალაქეებს სასათბურე პირობებს უქმნის, უსწრაფესად ხდება მოქალაქეობის მინიჭება და ბოლო დროს, გამარტივდა, უსწრაფესად ხდება ბინადრობის მოწმობის მინიჭება. სტატისტიკა მაქვს, 25 000-ზე მეტი რუსული ბიზნესი დარეგისტრირდა და თქვენ, სახელმწიფომ ჩვენ გამოთხოვილ წერილზე გვიპასუხეთ, რომ 22 000 რუსულ ბიზნესზე წარმოდგენა არ გვაქვს რა სფეროში მოღვაწეობენ და რას აკეთებენ. თქვენ, შს მინისტრი და უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ამ პირობებში, რის საფუძველზე აცხადებთ, რომ იცავთ ქვეყნის უსაფრთხოებას ან მართლწესრიგს?“- მიმართა ანა ნაცვლიშვილმა ვახტანგ გომელაურს.
ამასთან, დეპუტატმა ისაუბრა საქართველოში რუსული ნომრებით მოძრავ ავტომობილებზე. მისი თქმით, ევროკავშირის არაერთმა სახელმწიფომ აკრძალა რუსული ნომრებით გადაადგილება. მისივე თქმით, საქართველოში კი, არც აკრძალეს და არც აჯარიმებენ რუსულ ნომრიან მანქანებს, მაშინ როდესაც, „ქართველ მძღოლს დარღვეულიც არ აქვს და უკვე ჯარიმაც მისდის“.
ანა ნაცვლიშვილის ამ განცხადებებს ასევე გამოეხმაურა ანრი ოხანაშვილი და დეპუტატს მიუთითა, რომ არ მიეცემა საშუალება იმისა, რომ სხდომაზე ტყუილები ისაუბროს.