სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ამოღებული 14 კილოგრამი ასაფეთქებელი მოწყობილობების საქართველოში შემოტანაში, ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებაში, ერთ-ერთი კონტეინერის რუსეთის ფედერაციის მიმართულებით ტრანზიტულად გატანაში, ხოლო მეორე მათგანის დედაქალაქში განთავსებაში საქართველოს 7 მოქალაქე იყო ჩართული.
როგორც სუს-ში გამართული ბრიფინგიდან ირკვევა, აღნიშნულ მოქმედებებში ასევე უკრაინის 3 და სომხეთის 2 მოქალაქე იყო ჩართული.
უწყების ცნობით, საქმის მასალებით აღნიშნულ პროცესს ორგანიზებას უკრაინის მოქალაქე, 2020 წელს ოდესის ოლქის ადგილობრივი რადას კიევის რაიონის დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან „ხალხის მსახური“ ანდრეი შარაშიძე უწევდა, რომელიც წარმოშობით ქალაქ ბათუმიდანაა.
სუს-ის განცხადებით, შარაშიძე საქართველოს ფარგლებს გარედან აქტიურ მეთვალყურეობას უწევდა ზემოხსენებული ასაფეთქებელი მოწყობილობების გადაადგილებას.