პარტია ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი ივანიშვილის წარმომადგენლის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, რეჟიმს პარტიების აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი საჩივარი შეაქვს და “ასაკრძალი” პარტიების სიას ფედერალისტებსაც ამატებენ.
“რეჟიმს გადაუწყვეტია, პარტია ფედერალისტებიც აგვკრძალოს. ამით ჩვენთვის არაფერი იცვლება, იმიტომ რომ სანამ ერთ პარტიას მაინც კრძალავენ, იმის მიუხედავად, ჩვენ ამ პარტიასთან რა დამოკიდებულება გვაქვს, ვთვლით, რომ პოლიტიკური პროცესი კვდება და ჩვენ არანაირ ფორმალურ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ და რეჟიმის დეკორაცია არ გავხდებით.
რასაკვირველია, ჩვენ ყველა სხვა პარტიას კონკურენტად აღვიქვამთ, მაგრამ კონკურენტების დამარცხება თანასწორ ველზე, სამართლიან ბრძოლაში გვინდა და არა ბიძინა ივანიშვილის აკრძალვების შედეგად.
რეჟიმს ეს ყველაფერი ახლა იმიტომ დასჭირდა, რომ წინა სარჩელს 9-თვიანი ვადა გასდის, იმის თავი არ აქვს, მიადგეს და ის 3 პარტია აკრძალოს, ამიტომ ახალი ვადა სჭირდება და შესაბამისად, ის 9-თვიანი გამოითხოვეს და ახალი შეიტანეს, რომ ვადის ათვლა ახლიდან დაიწყოს. ეს რეჟიმის სისუსტის დემონსტრაციაა და სხვა არაფრის”. – თქვა ჩერგოლეიშვილმა.
ჩერგოლეიშვილმა ფედერალისტების მხარდამჭერებს მიმართა, რომ ეს გადაწყვეტილება პარტიის გეგმებს არ ცვლის.
“ჩვენ აქციით, სანქციითა და ალტერნატივით, რეჟიმს დათმობებზე წამოსვლას ვაიძულებთ და ამის შედეგად, ბუნებრივია, რეჟიმი შეიცვლება და სათავეში დემოკრატიული ხელისუფლება მოვა, რომლის ნაწილი პარტია ფედერალისტებიც ვიქნებით – და ქვეყანაში დავამყარებთ სამართლიანობას; მოქალაქეებს უსაფრთხოებას მოვუტანთ; სამოქალაქო თავისუფლებებს აღვადგენთ, ანუ ყველა რუსულ კანონს გავაუქმებთ. ამის მიღმა, საარჩევნო კანონმდებლობას შევცვლით იმისთვის, რომ ადამიანებმა არჩევანის უფლება დაიბრუნონ და შემდეგ სამართლიანმა სასამართლომ უზრუნველყოს ის, რომ მათი არჩევანი ყოველთვის დაცული იქნება და ივანიშვილის მსგავსი ავაზაკები ვერ მიიტაცებენ”. – ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი.
ივანიშვილის წარმომადგენლის, შალვა პაპუაშვილის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში ახალ, “დაკორექტირებულ სარჩელს” შეიტანენ პარტიების აკრძალვის მოთხოვნით, სადაც ახალთან, ნაციონალურ მოძრაობასთან და ლელოსთან ერთად, პარტია ფედერალისტების აკრძალვასაც მოითხოვენ.
ცნობისთვის, თამარ ჩერგოლეიშვილი 2025 წლის 16 ნოემბერს ამბობდა, რომ სანამ ნაციონალური მოძრაობა აკრძალულია, ფედერალისტები არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ.
“სანამ ნაციონალური მოძრაობა აკრძალულია, ფედერალისტები არჩევნებში არ შევალთ, მიუხედავად იმისა, როგორც არ უნდა გვძულდეს ეგ პარტია იმიტომ, რომ არ არის ეგ სწორი”. – თქვა ჩერგოლეიშვილმა გასულ წელს.
რომელ პარტიებს და რატომ (არ) კრძალავს რეჟიმი
2025 წლის 28 ოქტომბერს, ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ რეჟიმის კონსტიტუციური სარჩელით, რომელსაც ივანიშვილის სატელიტი პოლიტიკური მოძრაობები ხალხის ძალა და ევროპული სოციალისტები უერთდებიან, 3 პოლიტიკური პარტიის აკრძალვას მოითხოვდნენ.
ეს პარტიებია – ნაციონალური მოძრაობა, ახალი და ლელო.
2025 წლის 4 ნოემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ქართული ოცნების კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც ივანიშვილის გუნდი ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ითხოვდა.
სარჩელში ასევე არის “მცირე პარტიების” ჩამონათვალი, რომლის აკრძალვასაც ოცნება მაშინ არ ითხოვდა, თუმცა მათი “არაკონსტიტუციურობის საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს მოგვიანებით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას შეიძენენ”.