შესაძლოა, ირანის დელეგაცია პაკისტანში სამშაბათს ჩავიდეს, – ინფორმაციას The New York Times-ი ირანულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის წყაროების ცნობით, ირანის დელეგაცია აშშ-სთან მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის გამართვის მიზნით პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში გამგზავრებას ხვალ, სამშაბათს გეგმავს.
ასევე, ირანელმა ოფიციალურმა პირებმა გამოცემასთან საუბარში აღნიშნეს, რომ ირანის პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამედ ბაგერ ღალიბაფი ისლამაბადში დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ პაკისტანში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ჩავა.
ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის დელეგაცია ჯეი დი ვენსის ხელმძღვანელობით პაკისტანში უკვე გაფრინდა, თუმცა Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ვაშინგტონი ჯერჯერობით არ დაუტოვებია.




