ვახტანგ გომელაური – შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა და ამ მიმართულებით მუდმივად ხორციელდება სხვადასხვა რეფორმა

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, უწყება აქტიურად მუშაობს ორგანიზებული დანაშაულის, მათ შორის „კანონიერი ქურდების“, „ქურდული სამყაროსა“ და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ.
როგორც გომელაურმა პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, კიბერდანაშაულის წინააღმდეგ არსებული პრევენციული მექანიზმები უმჯობესდება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა და ამ მიმართულებით მუდმივად ხორციელდება სხვადასხვა რეფორმა, რაც სამომავლოდაც გაგრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით, 2023 წელს, შემუშავდა და დამტკიცდა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა. აღსანიშნავია, რომ ევროკომისიამ გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშში დადებითად შეაფასა და ხაზი გაუსვა ზემოაღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტების არსებობის მნიშვნელობას.
2024 წელს, იგეგმება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2025-2028 წლების ეროვნული სტრატეგიისა და ამავე სტრატეგიის 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება. აქტიურად ვმუშაობთ ორგანიზებული დანაშაულის, მათ შორის „კანონიერი ქურდების“, „ქურდული სამყაროსა“ და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ. ასევე, ვახორციელებთ კიბერდანაშაულის წინააღმდეგ არსებული პრევენციული მექანიზმების გაუმჯობესებას“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
გარდა ამისა, გომელაურმა სხვა საკითხებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს დანაშაულის პრევენციას და შემდგომში მის აღკვეთას.
როგორც მან განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის განვითარება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის განვითარება. ქვეყნის მასშტაბით, გასულ წელს, სამინისტროს ყველა ტერიტორიული ერთეული 94 ანალიტიკოსით დაკომპლექტდა.
ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს დანაშაულის პრევენციას და შემდგომში მის აღკვეთას, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს დანაშაულის შემცირებას”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ასევე დაგაინტერესებთ