სოციალურად დაუცველი ოჯახი სასკოლო ფორმას უსასყიდლოდ მიიღებს – მიქანაძე

ივანიშვილის განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ საჯარო სკოლებში სავალდებულო ფორმების შემოღებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ფორმების ფასს სახელმწიფო დაარეგულირებს, ხოლო სოციალურ დაუცველი ოჯახები უფასოდ მიიღებენ.
ნებაყოფლობითი მე-12 კლასი, სავალდებულო ფორმები, ტელეფონების აკრძალვა – ოცნების რეფორმა
“რაც შეეხება, სკოლის ფორმის შემოღების საჭიროებას, აქ მრავალი არგუმენტი არსებობს, რა თქმა უნდა, ესთეტიური თვალსაზრისით.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ თანასწორი მიდგომა იყოს და ტანსაცმელში, რაღაც განსხვავებული პრინციპები არ არსებობდეს, რაც სკოლებში გარკვეულ უკმაყოფილებას იწვევს როგორც მოსწავლეებში, ასევე მშობლებში. ეს გარკვეული უთანასწორობის კომპონენტი ერთხელ და სამუდამოდ მოიშალოს.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ სასკოლო ფორმების ფასის რეგულირება მთლიანად სახელმწიფოს აქვს თავის თავზე აღებული, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ მინიმალურ ფასში მოხდეს სასკოლო ფორმის რეალიზება საზოგადოებაში, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ თითოეულ ოჯახს ბევრად უფრო იაფი დაუჯდება სასკოლო ფორმის შეძენა, ვიდრე თითოეული ბავშვის ტანსაცმლის უზრუნველყოფა სასწავლო წლის განმავლობაში.
ამასთანავე, პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა იმ ოჯახის 1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლე, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ იდენტიფიცირებულია, როგორც სოციალურად დაუცველი და 60 000 ან ნაკლები ქულით არის შეფასებული, ყველა ეს ოჯახი სასკოლო ფორმას უსასყიდლოდ მიიღებს.” – განაცხადა მიქანაძემ პროპაგანდისტულ რუსთავი 2-თან.