უკრაინის ეროვნული პოლიციის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ევჰენ ჟუკოვმა კიევში სროლის შემდეგ თანამდებობიდან გადადგომაზე განაცხადი შეიტანა.
უკრაინული გამოცემის, РБК-Україна-ს მიხედვით, ამის შესახებ ჟუკოვმა სროლასთან დაკავშირებით ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა.
ჟუკოვმა გადადგომის გადაწყვეტილება თავდასხმის ადგილზე მისული პოლიციელების მოქმედებების ფონზე მიიღო – გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ საპატრულო პოლიცია სროლის დაწყების შემდეგ ადგილიდან გაიქცა.
“მე, როგორც სამხედრო ოფიცერმა, გადავწყვიტე, რომ შევიტანო განაცხადი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, რომელიც მიკავია. ვფიქრობ, ეს სამართლიანი იქნება”. – თქვა ჟუკოვმა.
ჟუკოვის თქმით, სროლის დროს პატრულის საქციელი “არაპროფესიული და უღირსი” იყო. მანვე აღნიშნა, რომ შიდა გამოძიება ჩატარდება და “ამ ორი პოლიციელის” ყველა უფროსი პასუხს აგებს.
“ისინი ცუდად ორიენტირდნენ და საფრთხის წინაშე დატოვეს დაჭრილი მოქალაქეები. ძალიან სამარცხვინო შემთხვევაა. შიდა გამოძიება ჩატარდება და ყველა ხელმძღვანელი აგებს პასუხს ჩადენილისთვის. ყველა ხელმძღვანელი, რომელიც ამ ორი პოლიციელის უფროსია”. – თქვა ჟუკოვმა.
პარალელურად, უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსმა, ივან ვიჰივსკიმ თქვა, რომ ჟუკოვს “რაიმე სხვა თანამდებობას მოუძებნიან”.
“შესაძლოა, ის [რედ. – ახალი თანამდებობა] სწორედ ომის დროს დახმარებას უკავშირდებოდეს”. – თქვა ვიჰივსკიმ.
ცნობისთვის, 18 აპრილს, კიევის ჰოლოსივსკის ოლქში შეიარაღებულმა პირმა, სულ მცირე, 6 ადამიანი მოკლა და კიდევ 10-მდე პირი დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, სროლის შემდეგ თავდამსხმელმა მძევლები აიყვანა და მაღაზიაში გამაგრდა.
მოგვიანებით, უკრაინის გენპროკურორმა, რუსლან კრავჩენკომ განაცხადა, რომ 58 წლის თავდამსხმელი, რომელმაც კიევში ავტომატური იარაღის გამოყენებით ხალხს ცეცხლი გაუხსნა, მოსკოვიდან იყო. უკრაინულ მედიაში არსებული ცნობების მიხედვით, ბრალდებული დმიტრი ვასილჩენკოვია.
დღეს, 19 აპრილს დილას სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ შემთხვევის ადგილას მისული ორი პოლიციელი სროლის დაწყების შემდეგ გარბის.