უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროუკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ კლიმენკომ კიევში მომხდარი ტერაქტის ფონზე განაცხადა, რომ ადამიანებს შეიარაღებული თავდაცვის უფლება უნდა მიენიჭოთ და ამასთან დაკავშირებით კანონპროექტის დამუშავება დააანონსა.
კლიმენკოს თქმით, ტერაქტის ადგილას მისული პოლიციელების ქმედება “სამარცხვინო, უღირსი საქციელია” და “მთელი სისტემის სირცხვილს” წარმოადგენს.
“ვფიქრობ, რომ ხალხს შეიარაღებული თავდაცვის უფლება უნდა მიენიჭოთ. განსაკუთრებით იმ გამოცდილების შემდეგ, როდესაც სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში მოქალაქეები იარაღს იღებდნენ ეროვნული წინააღმდეგობისთვის”. – თქვა კლიმენკომ.
პარალელურად, კლიმენკომ ასევე აღნიშნა, რომ თავდამსხმელის ფსიქოლოგიური მდგომარეობა “აშკარად არასტაბილური იყო”.
“აუცილებლად არის გამოსაკვლევი, თუ როგორ მოიპოვა მან იარაღის ნებართვის გასახანგრძლივებლად საჭირო სამედიცინო ცნობები. ეს გამოძიების ფარგლებში მოხდება”. – თქვა კლიმენკომ.
კლიმენკომ ასევე დააანონსა, რომ ექსპერტების, დეპუტატებისა და საზოგადოების სხვადასხვა შრეების ჩართულობით გამართული დისკუსიის შემდეგ სამოქალაქო შეიარაღების შესახებ კანონპრორექტის საბოლოო ფორმა მომზადდება.
ამავდროულად, კლიმენკომ თქვა, რომ მთავრობა იარაღის მფლობელებს მასობრივად შემოწმებას არ გეგმავს.
მანამდე, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე, უმაღლესმა რადამ სამოქალაქო შეიარაღების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო, თუმცა საბოლოო კენჭისყრაზე არ გაუტანია.