ალექს ჩიღვინაძე: სტურუა 50 წლის წინ იყო „კავკასიური ცარცის წრის“ რეჟისორი, დღეს ის „ვეფხისტყაოსნის“ რეჟისორია. “ცარცის წრე” ვერ იქნება ინდულგენცია და ვერ გაამართლებს დღევანდელ მხატვრულ კრახს

პოეტი და დრამატურგი ალექს ჩიღვინაძე:
სტურუა 50 წლის წინ იყო „კავკასიური ცარცის წრის“ რეჟისორი, დღეს ის „ვეფხისტყაოსნის“ რეჟისორია. “ცარცის წრე” ვერ იქნება ინდულგენცია და ვერ გაამართლებს დღევანდელ მხატვრულ კრახს.
რომ არსებობდეს რუსთაველის თეატრი, თუნდაც ერთი კეთილმოსურნე, მეგობარი რომ ჰყოლოდა გვერდით სტურუას, გაახსენებდა მარკუს ავრელიუსის სიტყვებს, რომ უნდა ვიჩქაროთ არა მხოლოდ იმიტომ, რომ ყოველი წამი სიკვდილს გვაახლოებს, არამედ იმიტომაც, რომ სიცოცხლეშივე ვკარგავთ საგანთა შეცნობის, მათზე დაკვირვებისა უნარს. ხელოვანი კვდება, როცა სიფხიზლეს კარგავს, როცა რეალობას ადეკვატურად ვეღარ აღიქვამს.
როდესაც მოხუცს უნებლიე დეფეკაციის პრობლემა აქვს, მას არ შევაქებთ, არც წარსულით გავამართლებთ და არც დაცინვას დავუწყებთ, არამედ დავბანთ და საფენს გამოვუცვლით. ზრუნვის ასეთ უხილავ შრომას კულტურაც ითხოვს. სტურუას ამ უხერხულობისგან დაიცავდა ის, რომ რუსთაველის თეატრი ცოცხლობდეს, თაობები იცვლებოდნენ და კვლევა-ძიების პროცესი არ იყოს შეწყვეტილი.
მაგრამ დიაგნოზია რუსთაველის თეატრის მუზეუმი. ჯერ ცალკე საკითხია, რომ ამხელა და ასეთი ტრაგიკული ისტორია, ერთ ოთახშია გამოკეტილი. მაგრამ იმ ოთახში რომ შედიხარ, გგონია, რომ ოთახის ცენტრში, სკამზე სტურუას ჩასძინებია. შემდეგ აცნობიერებ, რომ ეს მისი ნატურალური ზომის თოჯინაა, ცოცხალი შემოქმედი სტატიკურ ექსპონატად არის ქცეული და ექსპოზიციის ცენტრალურ ადგილს იკავებს.
ცალკე კატასტროფაა ის რიტორიკა, რომელიც ყოველ ჯერზე იმეორებს, რომ: „შეიძლება სპექტაკლი საშინელებაა, შეიძლება რეჟისორი ცუდი მოქალაქეა, მაგრამ მან შექმნა ქართული თეატრი, დადგა გენიალური სპექტაკლები და რომ ეს ქართული თეატრის დედაენაა.
რაც არ უნდა დიდი იყოს ავტორის დამსახურება წარსულში, ეს ვერაფრით ამართლებს აწმყოს ეთიკურ თუ პროფესიულ ჩავარდნებს. დიდი დამსახურება ითხოვს დიდ პასუხისმგებლობასაც.
ქვეყანაში კულტურის ინფრასტრუქტურა სრულიად განადგურებულია და თეატრი სიყალბის შემჩნევის ნაცვლად სიყალბეს აწარმოებს. ნაცვლად იმისა, რომ დასცინოდეს მეშჩანურ ღირებულებებს, ამ ღირებულებების მატარებელ ხალხს საპატიო ლოჟაში უთმობს ადგილს, კულტურის მინისტრად იღებს ჩინოვნიკს, რომელიც თურმე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასიათასობით ლარს იღებდა, რომ მაგ. ყველაზე ღარიბ ქალაქებში კონცერტების სცენარები დაეწერა.
რატომ დავუშვით ეს ყველაფერი? როგორ მივეცით ერთ პარტიას იმის უფლება, მიეთვისებინა თეატრი, კინო და ლიტერატურული სივრცეები, თითქოს ეს მათი პირადი საკუთრება ყოფილიყო? იქნებ ამის მიზეზი ის არის, რომ ჩვენი ხელოვნება არც არასოდეს ყოფილა საკმარისად პოლიტიკური, იქნებ ზედმეტად ელიტარული, იზოლირებული და „შინაური“ ხელოვნება იყო, რა თქმა უნდა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა.