შალვა პაპუაშვილი მარია ზახაროვას განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ივანიშვილის ხელისუფლება სხვის განცხადებებს არ არის აყოლილი, უსმენს მხოლოდ საკუთარ ხალხს და სწორედ ამიტომ გვაქვს 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა და ეკონომიკური აღმავლობა.
“საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესით და არ უყურებს იმას, ვინ რას ამბობს და ვინ რას როგორ აფასებს. ამას შეჩვეული ვართ ჩვენი 35-წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში, რომ ის, ვინც აყოლილა სხვის შეფასებებს, საქართველოსთვის კარგი შედეგი არ მოუტანია. […]
სწორედ იმის გამო, რომ ხელისუფლება არ უსმენს, არ არის აყოლილი სხვების განცხადებებს და ერთადერთი, ვისაც უსმენს არის ქართველი ხალხი და მისი ინტერესები, ამიტომაც გვაქვს 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობის პერიოდი და ეკონომიკური აღმავლობის განსაკუთრებული პერიოდი, როდესაც ჩვენ რამდენიმეწლიან მონაკვეთში, ჩვენ ეკონომიკურად სწრაფი ზრდა შევძელით და ვართ ლიდერები მსოფლიოში.” – თქვა პაპუაშვილმა.
ივანიშვილის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ძალიან კარგად ვაჭრობს ევროკავშირთან და ზოგიერთი ის ქვეყანა, რომელსაც არამეგობრული ურთიერთობა აქვს რუსეთთან, მაგალითად ლიტვა, ღვინის ექსპორტით საქართველოსაც უსწრებს.
“რაც შეეხება ვაჭრობას, არ ვიცი, მე როგორც ვხვდები, რუსეთი ძალიან კარგად ვაჭრობს ევროკავშირთან, როდესაც ამის სურვილი აქვს და ნახსენები იყო ალკოჰოლური სასმელები, ღვინო და ა.შ. შეგახსენებთ, რომ ბალტიის ქვეყნები, რომლებიც თუკი ვინმე არის, ვინმესთან არის რუსეთი არამეგობრულ ურთიერთობაში, ეს ბალტიის ქვეყნები არის. შეგახსენებთ, რომ ლიტვა იყო ლიდერი, საქართველოს უსწრებდა ღვინის ექსპორტით, შესაბამისად, რუსეთში იმპორტით. ასე რომ, არ ვიცი განცხადების შინაარსი, რას გულისხმობს, თუმცა ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ხალხის ინტერესებით და ის, რაც იქნება კარგი ჩვენი ხალხისთვის, ზუსტად ისე იქნება.” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი “იძულებული იქნება” საქართველო არამეგობრული ქვეყნების სიაში შეიყვანოს, თუ ის ევროკავშირში გაწევრიანდება.
ზახაროვა ამბობს, რომ საქართველოს ამ სიაში მოხვედრა მასზე “შესაბამისი ეკონომიკური ზომების” გავრცელებასაც გულისხმობს.