Valentyn Ogirenko/Reutersუკრაინის გენპროკურორმა, რუსლან კრავჩენკომ განაცხადა, რომ 58 წლის თავდამსხმელი, რომელმაც კიევში ავტომატური იარაღის გამოყენებით ხალხს ცეცხლი გაუხსნა, მოსკოვიდანა იყო.
ცნობისთვის, დღეს, 18 აპრილს, კიევის ჰოლოსივსკის ოლქში შეიარაღებულმა პირმა, სულ მცირე, 6 ადამიანი მოკლა და კიდევ 10-მდე პირი დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, სროლის შემდეგ თავდამსხმელმა მძევლები აიყვანა და მაღაზიაში გამაგრდა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, იჰორ კლიმენკომ განაცხადა, რომ პოლიციის სპეცოპერაციის შედეგად თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.
მაღალჩინოსნების თქმით, სპეცოპერაციის დროს თავდამსხმელი პოლიციის ოფიცრების მიმართულებით ისროდა. უკრაინული მედია წერს, რომ შტურმამდე პოლიციამ მასთან მოლაპარაკებაც სცადა, თუმცა, ეჭვმიტანილი მაშინ მოკლეს, როდესაც სპეცრაზმმა მის დასაკავებლად სუპერმარკეტში ოპერაცია წამოიწყო.
“ოპერაცია ძალიან რთული იყო. ძალზე ცოტა დრო გვქონდა. [ტერორისტი] კომუნიკაციაზე უარს ამბობდა და არანაირ კომპრომისზე არ მოდიოდა. [სუპერმარკეტში] ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე იყო,” განაცხადა სპეცრაზმის ოფიცერმა ანონიმურად.
ამას გარდა, წინასწარი ინფორმაციით, ბინაში, რომელშიც ეჭვმიტანილი იყო რეგისტრირებული, ხანძარი გაჩნდა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, თავდასხმის შემდეგ 10 ადამიანი ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო პოლიციამ ოთხი მძევალი გადაარჩინა.
ზელენსკიმ დაამატა, რომ პოლიცია და უკრაინის უსაფრთხოების სამსახური თავდასხმასთან დაკავშირებით ინფორმაციის გარკვევაზე მუშაობენ. ჯერჯერობით დამატებითი დეტალები არ ვრცელდება.