რუსმა სამხედრო პილოტმა და 170 000-გამომწერიანი ტელეგრამ-არხის, “Воевода вещает”-ს მფლობელმა, ალექსეი ზემცოვმა, რომელიც აქამდე ამბობდა, რომ მეთაურების მხრიდან ზეწოლის გამო თვითმკვლელობას აპირებდა, რამდენიმედღიანი უკონტაქტობის შემდეგ მორიგი ვიდეო გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ ცოცხალია და თავის დანაყოფს დაუბრუნდა.
“საკუთარი ნებით ჩემს დანაყოფს დავუბრუნდი. მადლობა ჩემს მშობლებსა და მეგობრებს, რომლებმაც არასწორი ნაბიჯის გადადგმა – თავის მოკვლა – გადამაფიქრებინეს. ისინი დამპირდნენ, რომ წინასწარ პატიმრობას გავივლი, მაგრამ შემდეგ ბრძოლას გავაგრძელებ. ვნახოთ, რა მოხდება.” – ამბობს ზემცოვი ვიდეოში.
აქამდე Z-ბლოგერი ამბობდა, რომ თვითმკვლელობის სურვილი მაღალი რანგის სამხედროების, მათ შორის საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდლის მოადგილის ვლადიმირ კრავჩენკოს მხრიდან ზეწოლის გამო ჰქონდა.
ზემცოვი აცხადებდა, რომ კრავჩენკოს მისი არხი “ძალიან, ძალიან” არ მოსწონს. მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ბლოგერმა ტელეგრამზე დაბალი ხარისხის ჩაფხუტის ფოტო გამოაქვეყნა, “დაიწყო შემოწმებები” და მას “რუსული არმიის დისკრედიტაციაში” დასდეს ბრალი.
ამასთან, ტელეგრამ არხი SHOT ზემცოვის ბოლო ვიდეოს გამოქვეყნებამდე წერდა, რუსმა ბლოგერმა “თვითნებურად მიატოვა თავისი დანაყოფი და გაიქცა,” თუმცა ცოცხალია და მისმა ახლობლებმა, რომლებიც მასთან კონტაქტში იყვნენ, თვითმკვლელობაში ხელი შეუშალეს.