ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული გიორგი მიქაძის ადვოკატი – ბევრი მიზეზია, რომ ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილი

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ერთ-ერთი ძმის, გიორგი მიქაძის ადვოკატი ბრაიან გრინსპეი აცხადებს, რომ განაჩენის მიმართ ოპტიმისტურად არის განწყობილი.

როგორც მან საქმეზე დასკვნითი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ნათელია, რომ ბრალდების მხარეს თეორიები აქვს, რომელთა საფუძვლადაც ძალიან ცოტა, ან საერთოდ არავითარი მტკიცებულება არ არსებობს.

„არ ვაპირებ ვარაუდი გამოვთქვა, თუ რა შეიძლება იყოს სასამართლოს გადაწყვეტილება ან რა შემდგომი ნაბიჯები უნდა გადავდგათ. მაგრამ ვიტყვი, რომ ვაფასებ შესაძლებლობას დავაკვირდე და დავესწრო სასამართლო პროცესს და მოვისმინო, როგორც ბრალდების მხარის, ისე ბრალდებულის არგუმენტები. ვფიქრობ, ბევრი მიზეზია იმისა, რომ ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილი, თუ რა იქნება შედეგი.

დღეს ძალიან ეფექტური არგუმენტი იქნა მოყვანილი, რომ მისი ამ საქმის რომელიმე ასპექტში მონაწილეობის აშკარა მტკიცებულება არ არსებობს. ვფიქრობ, ნათელია, რომ ბრალდების მხარეს თეორიები აქვს, რომელთა საფუძვლადაც ძალიან ცოტა, ან საერთოდ არავითარი მტკიცებულება არ არსებობს“, – განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავება.

გიორგი ჯოხაძეს ასევე, გიორგი კაჭკაჭაშვილთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღების შეძენას ედავებიან.

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის და გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდადებულია გელა უძილაური. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. აღნიშნული საქმის ფარგლებში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზე მსჯავრდებულია სანდრო წივწივაძე, მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ამავე საქმის ფარგლებში ბრალდებულია ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ოთარ რომანოვ- ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქეა, მის მიმართ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.