ესტონეთის თავდაცვის მინისტრი ჰანო პევკურიესტონეთის თავდაცვის მინისტრის, ჰანო პევკურის თქმით, ეჭვიც არ ეპარება, რომ რუსეთის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში აშშ ესტონეთს თავდაცვაში დაეხმარება. გამოცემა Reuters-თან საუბრისას მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპა არ არის მზად რუსეთთან დამოუკიდებლად დაპირისპირებისთვის.
პევკურის თქმით, მას ეჭვი არ ეპარება, აშშ ესტონეთის დასაცავად ჩაერთვება იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი თავდასხმას გადაწყვეტს.
“დიახ, მე ვენდობი აშშ-სა და ჩვენს მოკავშირეებს,” თქვა მან 16 აპრილს ლიტვაში ვიზიტის დროს.
პევკურის მიხედვით, სამხედრო თვალსაზრისით აშშ-ს ისევე სჭირდება ევროპა, როგორც ევროპას – აშშ: “ამიტომ, არ მჯერა, რომ NATO დაიშლება.” – დაამატა მან.
ესტონეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, NATO-ს ყველა წევრ სახელმწიფოს ესაჭიროება, რომ თავდაცვაში უფრო მეტი ინვესტიცია ჩადონ.
Reuters-ს პევკურმა განუცხადა, რომ ევროპის მიღმა NATO-მ ირანში კონფლიქტის დამთავრებასაც უნდა დაუთმოს ყურადღება, რამაც შესაძლოა, უკრაინისკენ აშშ-ს ყურადღების გადმოტანას შეუწყოს ხელი.
“როცა ეს მოგვარდება, არის შანსი, რომ უკრაინისკენ აშშ-ს ყურადღება მივმართოთ.” – განმარტა მან.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდში აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარების არ გაწევის გამო გააკრიტიკა. ტრამპმა 9 აპრილს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ “NATO იქ არ იყო, როცა ჩვენ ის გვჭირდებოდა”.
პარალელურად, Wall Street Journal ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერდა, რომ თეთრი სახლი გეგმას განიხილავს NATO-ს იმ წევრი სახელმწიფოების დასასჯელად, რომლებიც, ტრამპის აზრით, ირანის ომის დროს აშშ-სა და ისრაელს არ დაეხმარნენ.
WSJ: ირანის ომში დახმარების არ გაწევის გამო ტრამპი NATO-ს რიგი ქვეყნების დასჯას განიხილავს
თუმცა, WSJ-ს ცნობით, ეს გეგმა არ გულისხმობს ალიანსიდან აშშ-ს სრულად გამოყვანასთან დაკავშირებით ტრამპის მიერ ბოლო პერიოდში გაჟღერებული მუქარის სისრულეში მოყვანას, რისი გაკეთებაც აშშ-ს პრეზიდენტს კანონის მიხედვით კონგრესის გარეშე არ შეუძლია.
ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა WSJ-ს განუცხადეს, რომ გეგმის ფარგლებში თეთრი სახლი ამერიკელი სამხედროების გამოყვანას აპირებს NATO-ს იმ ქვეყნებიდან, რომლებზეც ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ირანის წინააღმდეგ ომში უსარგებლონი იყვნენ, რის შემდეგაც აშშ სამხედროებს იმ ქვეყნებში განალაგებს, რომლებიც უფრო მეტად უჭერდნენ მხარს აშშ-ს სამხედრო კამპანიას თეირანის წინააღმდეგ.
აშშ-ს ევროპის მასშტაბით დაახლოებით 84 000 სამხედრო ჰყავს განლაგებული, ხოლო ევროპაში ამერიკული ბაზები აშშ-ს გლობალური სამხედრო ოპერაციებისთვის კრიტიკულ ჰაბს წარმოადგენს.
ბოლო კვირების განმავლობაში, ირანში აშშ-სა და ისრაელის საბრძოლო მოქმედებების ფონზე, ესპანეთმა ირანის ომში ჩართული ამერიკული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე ჩაკეტა.
სიცილიაში მდებარე საჰაერო ბაზის გამოყენება აშშ-სთვის დროებით იტალიამაც დაბლოკა, ხოლო საფრანგეთის მთავრობამ აშშ-ს ქვეყნის სამხრეთში მდებარე სამხედრო ბაზის გამოყენების უფლება მხოლოდ მას შემდეგ მისცა, როცა მიიღო გარანტია, რომ ბაზას ირანზე იერიშების მიტანაში ჩართული თვითმფრინავები არ გამოიყენებდნენ.
ადმინისტრაციის ორი მაღალჩინოსნის მიხედვით, სამხედრო ძალების გადაწყობის გარდა, NATO-ს დასჯის გეგმა შესაძლოა, ასევე მოიცავდეს ევროპის, სულ მცირე, ერთ ქვეყანაში – სავარაუდოდ, ესპანეთში ან გერმანიაში – ამერიკული სამხედრო ბაზის დახურვასაც.
თუმცა, მაღალჩინოსნების თქმით, გეგმის ფარგლებში შესაძლოა, აღმოსავლეთ ევროპის ისეთმა ქვეყნებმა ისარგებლონ, როგორებიც არიან პოლონეთი, რუმინეთი, ლიტვა ან საბერძნეთი. WSJ ხაზს უსვამს, რომ ირანში ომის დაწყების შემდეგ რუმინეთი მალევე დათანხმდა აშშ-ს მოთხოვნას ბაზების გამოყენების შესახებ, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ალიანსის სხვა წევრებთან შედარებით თავდაცვაზე მშპ-ს უფრო დიდ წილს ხარჯავენ.
WSJ-ს ცნობით, ამ გეგმის ფარგლებში აშშ-მ შესაძლოა, სამხედროები რუსეთის საზღვართან უფრო ახლოს განალაგოს, რაც რუსეთის ანტაგონიზებას გამოიწვევს.