„ელექტროენერგიის ტარიფი საქართველოში ნამდვილად დაბალია და არასაკმარისია დარგის განვითარებისთვის“ – გია არაბიძე

საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი მოსახლეობისთვის მაღალია, რადგან ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა არასახარბიელოა, თუმცა დაბალია ენერგოსისტემის განვითარებისთვის. ამის შესახებ ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ „კომერსანტთან“ განაცხადა.
მისი თქმით, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა ეკონომიკის განვითარების შემდეგ უნდა მოხდეს, სხვა შემთხვევაში მოსახლეობისთვის ეს დიდი პრობლემა იქნება.
„ჩემი პოზიცია შემიძლია დავაფიქსირო ორი კუთხით, როგორც მომხმარებელმა და როგორც ენერგეტიკოსმა. როგორც მომხმარებელს, რა თქმა უნდა, არ მესიამოვნება თუ ტარიფი გაიზრდება, ჩვენი ეკონომიკიდან და მოსახლეობის ცხოვრების დონიდან გამომდინარე.
როგორც ენერგეტიკოსი კი ვთვლი, რომ ელექტროენერგიის მოქმედი ტარიფი ნამდვილად დაბალია ჩვენთან. ეს ტარიფი აბსოლუტურად არ არის საკმარისი დარგის განვითარებისთვის, უსაფრთხოებისთვის, ინვესტიციებისთვის და ა.შ. უბრალოდ სემეკს სხვა გზა არ აქვს. მან უნდა გაითვალისწინოს ჩვენი მოსახლეობის შესაძლებლობები და ენერგოკომპანიების ოპერირებისთვის აუცილებელი მინიმუმი და ბალანსი შეინარჩუნოს.
თუ ელექტროენერგიის ტარიფი გაიზრდება, რა თქმა უნდა, მოსახლეობას გაუჭირდება გადახდა. თუკი მას ჩვენი მოსახლეობის გადახდისუნარიანობაზე ჩამოვიყვანთ, მაშინ ენერგოკომპანიების ოპერირებას შეექმნება პრობლემა. შესაბამისად, ეს სიტუაცია გვაქვს. უნდა დაველოდოთ ეკონომიკის განვითარებას და შემდეგ მოხდეს ტარიფის ზრდა“, – განაცხადა ენერგეტიკოსმა.
მისი თქმით, ელექტროენერგეტიკის კუთხით საქართველოს დამოუკიდებლობის დიდი რესურსი აქვს, რაც გასულ და მიმდინარე წელში გამომუშავებულმა ელექტროენერგიის მოცულობამაც აჩვენა. გარდა ამისა, ახალი ჰესების დამატება ხელს შეუწყობს გენერაციის ზრდას, რაც ამას კიდევ უფრო რეალურს გახდის. იმის თქმა კი, რამდენად იმოქმედებს ახალი ჰესების ექსპლუატაცია ელექტროენერგიის ტარიფზე ჯერჯერობით რთულია.
„ის, რომ ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევა ელექტროენერგიის თვალსაზრისით რეალურია, შარშანდელმა და მიმდინარე წელმაც გვაჩვენა, როცა მიმდინარე წლის სექტემბრამდე ჩვენ ელექტროენერგიის იმპორტი არ დაგვჭირვებია და ჩვენი გამომუშავებით შევძელით მიწოდების უზრუნველყოფა. ამავდროულად, წელს ჩვენ $104 მლნ-ის ღირებულების ელექტროენერგია გავყიდეთ, ესეც ენერგოდამოუკიდებლობისკენ მიმავალი ერთ-ერთი გზაა. ის, რომ შარშან ჩვენ ისტორიულ ნიშნულზე გავედით და საქართველოს გენერაციამ 14 მლრდ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა, რაც 1990-იან წლებში გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე მეტია, ესეც სწორ ენერგოპოლიტიკაზე მიუთითებს. ამ კუთხით პერსპექტივები არის. მომავალში გენერაციის ზრდა, სხვადასხვა ტიპის სადგურებით, მაგალითად „ნენსკრა ჰესი“, „ხუდონჰესი“, „ნამოხვანჰესი“ თუ სხვა, რა თქმა უნდა, ტარიფის ცვლილებაზე გარკვეულ ზეგავლენას მოახდენს, თუმცა, ტარიფი არ განისაზღვრება მხოლოდ ერთი ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ენერგიის ფასით. როდესაც შეწონილ ტარიფზე ვსაუბრობთ, ჰესების დამატებით შესაძლებელია მან განიცადოს გარკვეული ცვლილება, მაგრამ ახალი ჰესები დასრულება და ექსპლუატაციაში შესვლა კიდევ მინიმუმ 4-5 წელი არ მოხდება, ამიტომ ტარიფის ნიშნულის პროგნოზირება რთულია“, – აღნიშნა გია არაბიძემ.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის პოზიციით, 2022-20223 წლის მონაცემებით, როგორც რეგიონის, ისე ევროპის ბევრ ქვეყანასთან შედარებით, საქართველოში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ტარიფები ერთ-ერთი დაბალია. ტარიფი 5 წლის პერიოდზეა დადგენილი და ნებისმიერი ხარჯი გათვალისწინებულია.
რაც შეეხება „კომერსანტის“ მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ინფორმაციას მოლდოვაში 2023 წელს ელექტროენერგიის ტარიფის რამდენჯერმე შემცირებასთან დაკავშირებით, სემეკი განმარტავს, რომ მოლდოვაში ტარიფის დადგენის სხვა სისტემა მოქმედებს. კერძოდ, მოლდოვაში მოქმედებს ღია ბაზარი და საქართველოში კი ფასებს მარეგულირებელი კომისია ადგენს. გარდა ამისა, მოლდოვაში ელექტროენერგიის ტარიფი საკმაოდ მაღალია და საქართველოს ფასებს არც კი შეედრება.
სემეკმა მიმდინარე წლის ივნისში ელექტროენერგეტიკის სექტორში, ევროპის 38 ქვეყნის ტარიფების სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოზე საქართველოზე დაბალი საყოფაცხოვრებო ტარიფი მხოლოდ აზერბაიჯანს აქვს.
საყოფაცხოვრებო ტარიფები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში (გადასახადების ჩათვლით):