მზარდი ხარჯები და დაბალი ცნობადობა – რა გამოწვევების წინაშეა ქართული მეღვინეობა?(bm.ge)

მცირე მარნებისთვის ბიზნესის შენარჩუნება და განვითარება მზარდი ხარჯებისა და დაბალი ცნობადობის ფონზე სულ უფრო რთულდება. ამის შესახებ მარტვილში მდებარე მეღვინეობის „არგვანი“დამფუძნებელმა, ხატია ჯახუამ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა.ჯახუას თქმით, „არგვანი“ ძალიან პატარა მარანია, რომელიც წელიწადში დაახლოებით 3000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს. მცირე მოცულობის მიუხედავად, მარანი ცდილობს წარმოების გაზრდას, ასორტიმენტის გაფართოებასა და მრავალფეროვნების შემოტანას, თუმცა მთავარი აქცენტი კვლავ ადგილობრივ აბორიგენულ ჯიშებზე კეთდება : „ჩვენი მთავარი მიზანია, ჩვენს ადგილობრივ ჯიშებზე ვიმუშაოთ და უფრო ცნობადი გავხადოთ ეს რეგიონი“, – განაცხადა მან.ეკონომიკური მხრივ, მცირე მარნებისთვის მდგომარეობა გამოწვევებით სავსეა. ჯახუა აღნიშნავს, რომ მათი მთავარი ამოცანაა მარნის შენარჩუნება და სტაბილური ფუნქციონირება, რადგან გასულ პერიოდში წარმოების ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა. „ვცდილობთ, შევინარჩუნოთ ჩვენი პატარა ბიზნესი. უფრო ჩვენ ვდებთ რესურსს და ვეხმარებით მას, ვიდრე რაიმე უკუკავშირს ველოდებით. ბოლო პერიოდში მდგომარეობა განსაკუთრებით გართულებულია: ძვირდება ბოთლები, საცობები და პრაქტიკულად ყველა საჭირო ინვენტარი”, – განმარტავს იგი.მეორეს მხრივ, მეღვინისთვის მნიშვნელოვან მხარდაჭერად რჩება „8000 მოსავალი“ და სხვადასხვა ფესტივალებში მონაწილეობა, სადაც ქართული ღვინო ფართო აუდიტორიას წარუდგინეს. თუმცა, ჯახუას თქმით, საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის ცნობადობა ჯერ კიდევ დაბალია. მისი შეფასებით, ეს განსაკუთრებით გამოჩნდა ესპანეთში, სადაც მან სხვადასხვა რესტორნებსა და ღვინის ბარებში იკვლია ცნობადობა : „სამწუხაროდ, ძალიან ცოტა იციან ქართული ღვინის შესახებ, ასევე სხვადასხვა მეგრული ჯიშების“, – აღნიშნა მან.ჯახუას აზრით, ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლება მსოფლიო ბაზარზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მეტი საერთაშორისო ფესტივალი და ქართველი მეღვინეების აქტიური ჩართულობა ხელს შეუწყობს როგორც მცირე მარნების განვითარებას, ისე მთლიანად ქართული ღვინის პოპულარიზაციას.bm.ge