მოძრაობა გვახსოვს: ჩვენი მიზანია, დავსვათ კითხვა – რატომ გვიწევს ამდენი ადამიანის გამოგლოვა

მოძრაობა გვახსოვს პლატფორმას ქმნის, რომლის მიზანიცაა, “ერთი მხრივ, საზოგადოებას შეახსენოს და ამ მხრივ, პატივი მიაგოს ყველა იმ მსხვერპლს, რომელიც ქართული ოცნების 13-წლიან მმართველობას შეეწირა, ხოლო მეორე მხრივ, ხაზი გაუსვას და გამოააშკარავოს ამ საქმეებში სახელმწიფოს დანაშაული”. ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა ლუკა სირაძის, დემურ სტურუას, ლევან აბზიანიძის, ზამის კვეკვესკირის და სხვათა ისტორიები.
“ჩვენი მიზანია, დავსვათ კითხვა: რატომ გვიწევს ამდენი ადამიანის გამოგლოვა?
მას შემდეგ, რაც ყველა ამ უბედურ შემთხვევას ერთად დავალაგებთ, ჩვენ წინაშე მკვეთრი პატერნი იკვეთება. ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა მოხდა სინამდვილეში – ეს ჩვენი ვალია მსხვერპლთა წინაშე. ჩვენ ასევე გვჭირდება საუბარი იმაზეც, როგორ ავირიდოთ თავიდან უფრო მეტი დანაკარგი და გლოვა.
პასუხისმგებლობა ნიშნავს პასუხების მიღებას. ამისთვის კი, უპირველეს ყოვლისა, სწორი კითხვები უნდა დავსვათ.
დავსვათ შემდეგი კითხვები: რისი არიდება შეიძლებოდა თავიდან, ვის შეეძლო ამის გაკეთება და ვისზეა პასუხისმგებლობის წილი?
პლატფორმაზე ამ დრომდე გამოქვეყნებული ისტორიები მხოლოდ ნაწილია. კიდევ არაერთი ისტორიაა, რომელიც გვახსოვს და თქვენც გაგახსენებთ.
ჩვენ გვსურს, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივწვდეთ საქართველოს მასშტაბით, ამიტომ, ამ გზაზე თითოეული თქვენგანის მხარდაჭერა და გადაზიარება მნიშვნელოვანი დახმარება იქნება ჩვენთვის, ისევე, როგორც თქვენი მითითებები, თუ ვის ისტორიას უნდა მოვყვეთ და კიდევ რა გზით შეგვიძლია პატივი მივაგოთ დაღუპულებს.
იდეები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ შემდეგ მეილზე: [email protected].
ჩვენ გვახსოვს.
გვახსოვს ქართული ოცნების რეჟიმის ყველა მსხვერპლი.
გვახსოვს ყველა ადამიანი, რომელიც შეიწირა სისტემურმა დანაშაულმა, რეჟიმის გულგრილობამ, თუ არაკომპეტენტურობამ.
გვახსოვს ყველა სტიქიური უბედურება, რომელიც გლოვის დღედ იქცა.
გვახსოვს პასუხისმგებლობის არიდების ყველა მცდელობა.
გვახსოვს მსხვერპლზე გადატანილი პასუხისმგებლობაც.
გვახსოვს შოვიც, თბილისის ზოოპარკიც, გუდაურიც.
გვახსოვს ლევან აბზიანიძე, ლუკა სირაძე, დემურ სტურუა და ყველა სხვა.
გვახსოვს და არ ვაპირებთ დაგვავიწყდეს.
გვახსოვს და არ ვაპირებთ, სხვებს დავავიწყოთ, განსაკუთრებით კი პასუხისმგებელ პირებს.
გვახსოვს!” – წერს პლატფორმა.