ხანძრის გამო, ჩილეში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა – დაღუპულია, სულ მცირე, 10 ადამიანი

ჩილეში ტყის ხანძრის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ვალპარაისოს შტატის წარმომადგენლის თქმით, ქვეყნის ცენტრალურ ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა.
“მთელი ძალები ტყის ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლისთვისაა მობილიზებული” – წერს ქვეყნის პრეზიდენტი, გაბრიელ ბორიჩი X-ზე მას შემდეგ, რაც საგანგებო მდგომარეობის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
ჩილეს ეროვნული სატყეო ორგანოს (CONAF) ინფორმაციით, მხოლოდ ვალპარაისოში უკვე დაახლოებით 7000 ჰექტარია დამწვარი.
ცეცხლის ჩაქრობას ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურა აფერხებს.
ბოლო 2 დღის განმავლობაში, ქალაქ ესტრელასა და ნავიდადში, დედაქალაქის სამხრეთ-დასავლეთით, თითქმის 30 სახლი დაიწვა, ხოლო კურორტ პიჩილემუსთან მცხოვრებთა იძულებითი ევაკუაცია ჩატარდა. საცხოვრებელი ადგილი დატოვა ვინა დელ მარისა და ვალპარაისოს ცენტრალურ რეგიონებში მდებარე სანაპირო ქალაქების მოსახლეობის ნაწილმაც. შეზღუდული ხილვადობის გამო, საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია რამდენიმე საქალაქთაშორისო მნიშვნელობის გზაზეც.