პაატა სალიამ გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტს საჯარო სერვისების ქართული რეფორმები გააცნო

ნიუ-იორკში მიმდინარე გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის (CEPA-ს) 25-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას იუსტიციის მინისტრმა საქართველოს მიერ საჯარო სერვისების სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და სახელმწიფო ინსტიტუტების მოდერნიზაციის პროცესზე ისაუბრა.
პაატა სალიამ ყურადღება გაამახვილა საჯარო სერვისების გაუმჯობესებისთვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე, საქართველოში საჯარო სერვისების ეფექტიანობასა და მოქალაქის საჭიროებებზე ორიენტირებულ მომსახურებაზე.
„ჩვენ ვეყრდნობით ტექნოლოგიების ტრანსფორმაციულ შესაძლებლობებს. ელექტრონული სერვისებიდან ხელოვნურ ინტელექტამდე საქართველო აქტიურად აერთიანებს ციფრულ ინოვაციებს საჯარო ადმინისტრირების სისტემაში – სწორედ ჩვენი 2025-2030 წლების ციფრული მმართველობის სტრატეგიის შესაბამისად, რომელიც ქმნის მდგრადი, უსაფრთხო და ინკლუზიური ციფრული ინფრასტრუქტურის თანმიმდევრულ ჩარჩოს“, – აღნიშნა პაატა სალიამ.
მინისტრმა  თბილისში დაგეგმილი გაერო-ს საჯარო სერვისების 2026 წლის ფორუმის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
„საქართველო, გაეროსთან პარტნიორობით, 23-25 ივნისს მასპინძლობს გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმს თემაზე: „საჯარო ინსტიტუტების ტრანსფორმაცია: ინოვაციების, ჩართულობის და ინკლუზიურობის განვითარება“. დარწმუნებულნი ვართ, რომ თბილისი უზრუნველყოფს აქტიურ პლატფორმას დიალოგისთვის, გამოცდილების გაცვლისა და თანამშრომლობითი აზროვნებისთვის, რაც ხელს შეუწყობს მდგრადი ცვლილებების დაჩქარებას“, – განაცხადა პაატა სალიამ.
იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია აშშ-ში გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის (CEPA) 25-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება. სესია ნიუ-იორკში 13-17 აპრილს იმართება. CEPA გაერო-ს საკონსულტაციო ორგანოა, რომელიც სწავლობს და იძლევა რეკომენდაციებს მმართველობისა და საჯარო ადმინისტრირების სტრუქტურების გასაუმჯობესებლად.
ვიზიტის ფარგლებში იუსტიციის მინისტრი პაატა სალია შეხვედრებს გამართავს გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეებთან.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა