იტალიამ ისრაელთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმება შეაჩერა

იტალიის პრემიერმინისტრი ჯორჯია მელონიიტალიის პრემიერმინისტრმა, ჯორჯია მელონიმ 14 აპრილს განაცხადა, რომ “არსებული ვითარების” გამო მისმა მთავრობამ ისრაელთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმება შეაჩერა.
ცნობისთვის, აქამდე მელონის მთავრობა ევროპაში ისრაელის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე იყო, თუმცა, ბოლო პერიოდში იტალიამ ლიბანში ისრაელის იერიშები გააკრიტიკა.
“ახლანდელი ვითარების ფონზე, მთავრობამ გადაწყვიტა, რომ შეაჩეროს ისრაელთან თავდაცვითი შეთანხმების ავტომატური განახლება,” აღნიშნა იტალიის პრემიერმა.
მელონის გადაწყვეტილებამდე, 8 აპრილს, ბეირუთის სიახლოვეს ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნეს ლიბანში გაეროს მანდატის ქვეშ მყოფ იტალიელ სამხედროებს.
შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, იტალია ინციდენტს მალევე გამოეხმაურა და მელონიმ მომხდარს “სრულად მიუღებელი” უწოდა, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელის ელჩი რომში დაიბარა.
თავდაცვის სამინისტროს წყაროს თქმით, მელონის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ერთ-ერთი შედეგი ის იქნება, რომ იტალია ისრაელთან სამხედრო წვრთნების კუთხით აღარ ითანამშრომლებს.