რაში იხარჯება მთავრობის სარეზერვო ფონდის თანხები? – აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული დასკვნა აჩვენებს, რომ 2024 წელს, ჯამში სარეზერვო ფონდიდან 70 მილიონი იყო გახარჯული, აქედან კი 60% – ანუ 42 მილიონი ლარი დაიხარჯა სპორტული, კულტურული და ტურიზმის ხელშემყოფი ღონისძიებებისთვის.
არადა საბიუჯეტო კოდექსში პირდაპირ წერია, რომ რომ სარეზერვო ფონდი უნდა გამოიყენებოდეს გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის და ფორსმაჟორული სიტუაციებისთვის. ექსპერტები განმარტავენ, რომ ასეთი გაუთვალისწინებელი ხარჯები შეიძლება იყოს სტიქიების და პანდემიის დროს.
რომან გორიციძე ამბობს, რომ ადგილი აქვს ფინანსური რესურსების უმოწყალოდ ფლანგვას. მისი თქმით, “ოცნება” სარეზერვო ფონდს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს – “ამ ფონდიდან უზარმაზარ ფულს აძლევენ საკუთარ მომხრეებს”.
სარეზერვო ფონდი, ეს არის ქვეყნის ფინანსური რესურსების უმოწყალოდ ფლანგვა. “ოცნების” მმართველობის პირობებში ამ ფონდიდან დაიხარჯა 1,1 მილიარდი ლარი. სარეზერვო ფონდიდან ფული უნდა იხარჯებოდეს რაღაც საგანგებო მოვლენების დროს, აქ პირდაპირ იხარჯება პოლიტიკური მიზნებისათვის. ამ ფონდიდან უზარმაზარ ფულს აძლევენ საკუთარ მომხრეებს – ხელოვნების სფერო იქნება, სპორტული, თუ სხვა მიმართულებით. ფაქტობრიცვად ეს არის “ოცნების” საარჩევნო ყულაბის დანამატი”, – აცხადებს რომან გოცირიძე.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენლი, სანდრო ქევხიშვილი არამიზნობრივ ხარჯვასთან ერთად კორუფციის რისკებზეც საუბრობს.
ფონდის მიზანი ის არის და დანიშნულება, რომ ეს არის თანხა, რომელიც დაუგეგმავი, ფორსმაჟორული სიტუაციებისთვის უნდა შეინახოს მთავრობამ. როდესაც ვთქვათ 26 მაისის თუ სხვა ტიპის ღონისძიებებისთვის იხარჯება, როცა ყველამ ვიცით, რომ ეს ღონისძიებები მოდის. რა თქმა უნდა, ეს ხარჯვა სწორი არ არის. ეს არის სტრუქტურული ხარვეზი, რაც ამ ფონდს აქვს და არანაირი სურვილი წლების განმავლობაში არ ყოფილა მთავრობისგან, რომ გადახედილიყო ეს პრაქტიკა. პრაქტიკა არის ასევე კორუფციის რისკის შემცველი, განსაკუთრებით ღონისძიების დაგეგმვა და მათი შესრულება, თან ჩვენ ვიცით ეს როგორ ხდება, განსაკუთრებით რეგიონებში – ეს არის პარტიასთან დაახლოებული შოუბიზნესის წევრები იქნებიან ესენი, თუ სხვა პირები, მათ მისდით ეს თანხები. ეს არ განიკარგება კონკურენციის პრინციპის გამოყენებით”, – ამბობს სანდრო ქევხიშვილი.
მთავრობას სარეზერვო ფონდის არასწორად ხარჯვაში ადანაშაულებს ოპოზიციაც – “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ თანხა, რომელიც ბუნებრივი კატასტროფების დროს უნდა იხარჯებოდეს, “ოცნება” “მასკარადების მოწყობისთვის ფლანგავს”.
რატომ არის ეს უნიჭო ქართველი არტისტები დასაფინანსებელი მთავრობის სარეზერვო ფონდიდან – ეს კითხვა მოქალაქეებმა დაუსვან საკუთარ თავს. ქვეყანა, რომელმაც შოვში ვერ მაოხერხა სისტემის დაყენება და ადამიანები დაიხაცნენ, იმის გამო რომ სახელმწიფო ფულს არასწორად ხარჯავს, ამის მერე ეს პოლიტიკური ძალა თავის თავს უფლებას აძლევს, რომ ის ფული, რომელიც მომართულია ბუნებრივ კატასტროფებზე და სხვა ფორსმაჟორულ ვითარებებზე, დახარჯოს ამ უნიჭო მასკარადებზე”, – ამბობს თაზო დათუნაშვილი.




