გურამ მაჭარაშვილი – ზურაბიშვილს როგორც ერთ ცნობილ ფილმშია, „ენა წინ გაურბის, გონება უკან რჩება“ – თუ შეწყალების გადაწყვეტილებას მიიღებს, სააკაშვილს მიუჯდება „ვივა მედში“

ზურაბიშვილს როგორც ერთ ცნობილ ფილმშია, „ენა წინ გაურბის, გონება უკან რჩება“ – თუ შეწყალების გადაწყვეტილებას მიიღებს, სააკაშვილს მიუჯდება „ვივა მედში“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილი ივანიშვილის შესახებ ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი განცხადებები არაადეკვატურია.
„ზურაბიშვილის ხელში პრეზიდენტის ფუნქციები არის როგორც ასანთი პატარა ბავშვის ხელში. ჩვენც იძულებულები ვართ, როგორც არასრულწლოვანს დაჰყვებიან და მის შეცდომებს ასწორებენ ხოლმე, ასე ვივლით, სანამ ეს ფუნქციები ფორმალურად ექნება და რამდენ ასეთ სისულელეს იტყვის, იმდენჯერ ვიტყვით, რომ ეს ნათქვამია იმ ე.წ. პრეზიდენტის მიერ, რომელსაც დაუდგინდა კონსტიტუციის დარღვევა, რომელიც აპირებს დაიჭიროს სინ ძინ პინი, ვინც ბაიდენს ხვდება და ა.შ. ხშირ შემთხვევაში მისი განცხადებები არაადეკვატურია. ყურადსაღები იმიტომ არის, რომ ის იმეორებს მისი პატრონების განცხადებებს – უცხოური ძალები, რომელსაც არეულობა უნდათ ქვეყანაში, არსად წასულან. ზურაბიშვილმა გადაუსწრო და ჩამოიტოვა გვარამიაც, მელიაც, სააკაშვილიც და რეალურად არის მედროშე ახლა, ოღონდ მანამ, სანამ ფუნქციები აქვს, თორემ თუ ჰგონია, რომ ოპოზიციაში ვინმე მიიღებს მას ფუნქციების ამოწურვის შემდგომ, ძალიან ცდება, არავინ მიიღებს, თუნდაც, 1-პროცენტიან პარტიებში, რადგან როგორც ერთ ცნობილ ფილმშია, „ენა წინ გაურბის, გონება უკან რჩება“. სანამ ფუნქციები ექნება, ვივლით და ვიტყვით, რომ „არ დაუჯეროთ ხალხო, გასულია მომსახურების ზონიდან, რა ვქნათ, ფორმალურად, ჯერჯერობით პრეზიდენტად დარჩა“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.
ამასთან მაჭარაშვილი აცხადებს, რომ შეწყალებით ზურაბიშვილი “ვივა მედში” მიუჯდება სააკაშვილს.
„რაც შეეხება შეწყალების მექანიზმს, არაერთხელ ვთქვით და კიდევ გავიმეორებთ, აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ მხოლოდ სახელმწიფოს აზიანებს. მისი პიროვნება იქნება თავიდან ბოლომდე განადგურებული, საზოგადოება დაზიანდა ზოგი სიცოცხლის მოსპობით, ჯანმრთელობით, ქონების მოსპობით, ამ ყველაფერზე მოაწერს ხელს და მიუჯდება რეალურად „ვივა მედში“ მიხეილ სააკაშვილს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
კითხვაზე: რას ნიშნავს „მიუჯდება სააკაშვილს ვივა მედში“ და ხომ არ არის ეს მუქარა? – მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ეს ნიშნავს, საკუთარ თავზე აიღებს მთელ პასუხისმგებლობას.
„თეორიულად, თუ შეწყალების გადაწყვეტილებას მიიღებს, „მიუჯდება „ვივა მედში“ ნიშნავს, რომ პოლიტიკურად და არა მხოლოდ პოლიტიკურად როგორც ჩანს, აიღებს მთელ პასუხისმგებლობას, რაც ჩაუდენია პატიმარ სააკაშვილს. ქართულ საზოგადოებას რა დამოკიდებულება გააჩნია სააკაშვილთან დაკავშირებით, კარგად იცით“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.