300 ათას ლარამდე გადავუხადეთ კომპანიას, რომ ეთქვა კიდევ 11 მილიონი ლარია საჭირო თეატრის რეაბილიტაციისთვის – ამის შესახებ ფოთში არსებული არასამთავრობო ორგანიზაცია „შ-ფოთი“ სოციალურ ქსელში წერს.
ორგანიზაციის განცხადებით, თეატრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაში 274 650 ლარი დაიხარჯა.
„ფოთელები უკვე 14 წელია ვაკეთებთ თეატრს და ჯამში 28 028 910 ლარი დაგვიჯდება“, – წერს ორგანიზაცია.
ორგანიზაცია იხსენებს, რომ თეატრი საზეიმოდ 2014 წლის 31 მაისს „ქართული ოცნების“ მთავრობამ, ირაკლი ღარიბაშვილმა და ეკა ბესელიამ გახსნეს. ერთ თვეში შენობაში წყალი ჩავიდა, შემდეგ ჩავარდა ლიფტი, მოგვიანებით კი ჭერი ჩაინგრა.
„თეატრი დაიხურა, თუმცა არ დავნებებულვართ! წლების მანძილზე მის გასაკეთებლად ვაცხადებთ ტენდერებს და ვხარჯავთ ფულს, 11 მილიონზე მეტია მას შემდეგ დახარჯული და კიდევ 300 ათასის გადახდა დაგვჭირდა, რომ გაგვერკვია, რომ 11 მილიონი კიდევ ზემოდან უნდა დავამატოთ“, – ნათქვამია განცხადებაში.
2023 წლის 29 იანვარს, ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში თქვა, რომ თეატრის რეაბილიტაცია 2023 წლის ბოლოს, 2024 წლის დასაწყისში დასრულდებოდა.