11 აპრილს, საღამოს მარნეულში კლინიკა ჯეო ჰოსპიტალსის დაცვის თანამშრომელს სცემეს. ინფორმაციას TV პირველი ავრცელებს.
მათი ცნობით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მას მარნეულში ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც რეანიმობილით თბილისში გადაიყვანეს. ადგილობრივი უფლებადამცველის სამირა ბაირამოვას ცნობით, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია წერაქვის ადმინისტრაციულ ერთეულში მარნეულის მერის წარმომადგენლის, ინდიკო ხაფთანის ძმა.
“მამაჩემი ახლა კომაშია, რის გამო არც კი ვიცი, მხოლოდ იმიტომ რომ მის პროფესიულ მოვალეობას ასრულდება?! რა დააშავა ხანში შესულმა კაცმა, იმის ნაცვლად რომ დააკავონ დამნაშავე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი, ითხოვდა არ დაეჭირათ. ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, ეს სახელმწიფო აღარ არის. რანაირად ვექცევით ერთმანეთს ჩვენ, აზერბაიჯანელები?! ჯერ ქუჩაში კლავენ ყველას თანდასწრებით ახალგაზრდა ბიჭს და ხმის ამომღები არავინ არის, ახლა კიდევ მამას მიკლავენ, ამ დროს სად არის პოლიცია?! პოლიცია არსად მინახავს. არავინ მოსულა და არ უკითხავს არაფერი. ერთი პოლიციელი იყო მოსული და ექიმს ესაუბრა. ამ დანაშაულს ასე არ დავტოვებთ, ყველა აგებს პასუხს” – განაცხადა დაშავებულის შვილმა. [TV პირველის თარგმანი].
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
TV პირველის ცნობით, ხაფთანის ძმა პაციენტთან შესვლას ითხოვდა, კლინიკაში ნახვის საათები ამოწურული იყო და შესვლაზე უარი უთხრეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.