Phubber სომხეთსა და აზერბაიჯანში – როგორ პოზიციონირებს სტარტაპი ახალ ბაზრებზე?

სომხეთი და აზერბაიჯანი – ასეთია ქართული ონლაინ გადაყიდვის პლატფორმა Phubber-ის 2023 წლის ბაზრების ექსპანსიის შედეგები. წლის დასაწყისში სტარტაპმა ონლაინ პლატფორმა სომხეთში ჩაუშვა. მოგვიანებით Phubber Consighment-მა რეალური მაღაზია აზერბაიჯანში გახსნა, ხოლო 2024 წლის იანვარში ონლაინ-ვაჭრობის პლატფორმაც აამუშავა.
როგორც მუშაობს Phubber-ი სომხეთსა და აზერბაიჯანში და რა თავისებურებებით ხასიათდებიან რეგიონის ბაზრები – გაფართოების შესახებ #რედაქტ2-ში დასმულ კითხვებს Phubber-ის თანადამფუძნებელმა გიორგი ჩუგოშვილმა უპასუხა და აღნიშნა, რომ ახალ ბაზრებთან დაკავშირებით მენეჯმენტის მოლოდინები გამართლდა.
„სომხეთსა და აზერბაიჯანში იანვრის მიწურულს სელერებს საქართველოზე მეტი გაყიდვები ჰქონდათ. ჩვენთვის ეს ძალიან სასიხარულო ამბავია და ნიშნავს, რომ ძალიან მოკლე პერიოდში ის კატალოგი, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანშია განთავსებული უკვე საინტერესო გახდა ადგილობრივი და ქართველი მომხმარებლისთვის”, – ამბობს გიორგი ჩუგოშვილი და განმარტავს: “სომხეთში Phubber-ი უფრო ადრე ჩაეშვა ვიდრე აზერბაიჯანში, თუმცა აზერბაიჯანში შოურუმი დაახლოებით 6 თვეა ფუნქციონირებს. ამასთან, აზერბაიჯანში თავიდანვე აქცენტი მაღალფასიან, ლაქშერი ნივთებზე გვქონდა. აზერბაიჯანში აპლიკაცია იანვარში ჩაეშვა.
სომხეთში დაახლოებით 25 000 რეგისტრირებული მომხმარებელი გვყავს, რაც ამ პერიოდისთვის საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. ახლა მარკეტინგული ხარჯები კიდევ უფრო იზრდება და აქტიურდება. ვფიქრობთ, მეორე კვარტალის ბოლოს ჩვენს სამიზნე მაჩვენებელზე გავალთ, რაც ერთ ბაზარზე 100 000 მომხმარებელს გულისხმობს. სომხეთში ძალიან კარგი ტრენდი დავინახეთ – მოთხოვნა არის, მომხმარებელმა ალღო აუღო და შესაბამისად, მარკეტინგის მიმართულებით ინვესტირებას ვაგრძელებთ“, – ამბობს გიორგი ჩუგოშვილი.
ს თანადამფუძნებელი აღნიშნავს, რომ საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის მომხმარებელი გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება. Phubber კი ბაზრებზე შესვლით მდგრადი მოდის მიმართულებით განვითარებას უწყობს ხელს.
„ზოგადი მონახაზი, რომელზეც ჩვენ ახალ ბაზრებზე შესვლისას ვაკეთებდით, გამართლდა. აზერბაიჯანის Phubber Consighment-ში ერთი გაყიდვის ფასი შედარებით მაღალია, ვიდრე თბილისში. სომხეთსა და საქართველოში გაყიდული ნივთების ღირებულება კი დაახლოებით ერთნაირია. იმაზე თუ სომხეთში რამდენად კარგად მიიღებდა მომხმარებელი აპლიკაცია, პოზიტიურად ვართ გაკვირვებული. აზერბაიჯანში ცოტა კულტურული მომენტია, როდესაც მეორეული ნივთების მიმღებლობა, საქართველოსა და სომხეთში უფრო მაღალია, ვიდრე აზერბაიჯანში. თუმცა როდესაც საქართველოში ბიზნესს ვიწყებდით, აქაც სტიგმატიზებული იყო მეორეული ნივთები და 90-იანებთან იყო კავშირში, თუმცა იმ კომუნიკაციით და დანაზოგით, რაც მომხმარებელს ბრენდული ნივთების შეძენით აქვს, უკვე მდგრადობასთან ვასოცირდებით და არა 90-იანების გაჭირვებასთან. იგივე გვაქვს გასაკეთებელი აზერბაიჯანში, რაზეც ჩვენი პიარისა და მარკეტინგის გუნდი მუშაობს. უნდა ვთქვათ, ისიც რომ აზერბაიჯანის ბაზარი სამჯერ დიდი და ორჯერ მდიდარია და ამ მიმართულებით კომუნიკაცია მგონია, რომ იმუშავებს“, – აღნიშნა Phubber-ის თანადამფუძნებელმა.