ამაყად რომ გამოდის, მოვიგეო, პირველი ნაწილი წააგო იმიტომ, რომ ძალიან ცუდი და ბოროტი განზრახვა ჰქონდა – მამუკა მდინარაძე გიგი უგულავაზე

„ახლა ამაყად რომ გამოდის დღეს, მოვიგე, პირველი ნაწილი წააგო იმიტომ, რომ ძალიან ცუდი და ბოროტი განზრახვა ჰქონდა. სასამართლოსთან ბრძოლის ნაწილად უნდოდა ექცია ეს თავისი ე.წ ქეისის საქმე“- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მ გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა, რითაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გიგი უგულავას განცხადებას გამოეხმაურა.
„რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, დიდ ბოროტებასთან გვქონდა საქმე. მას [გიგი უგულავას] ორი მიმართულებით ჰქონდა გასაჩივრებული: ერთი მთავარი მიმართულება, ბოროტებას რასაც დავარქმევდი, იყო თადუმაძის არჩევის წესთან დაკავშირებით, აქ სასამართლომ დაუშვებლად ცნო, ანუ, საქართველომ ეს ნაწილი მოიგო. რაც შეეხება მეორე მიმართულებას, როდესაც შალვა თადუმაძე უკვე გენერალური პროკურორი იყო, მაშინ ეს საქმე განიხილებოდა სააპელაციო სასამართლოში და მისი მოთხოვნის ნაწილი იყო, რომ სამართლებრივად მას არ ჰქონდა უფლება განეხილა, როდესაც უკვე უზენაეს სასამართლოში ამ საქმეს დახვდა, როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და იმ კოლეგიის ერთ-ერთი წევრი.
სტრასბურგის სასამართლოს არ უთქვამს, რომ სამართლებრივად ეს პრობლემაა, თუმცა იმსჯელა იმაზე, რომ ეს არ იყო ერთ-ერთი მიმდინარე რიგითი საქმე“-განაცხადა მდინარაძემ. მამუკა მდინარაძის თქმით, გიგი უგულავას სასამართლოს მიერ, უკვე საბოლოოდ დადასტურებული აქვს რამდენიმე ათეული მილიონის ბიუჯეტიდან მოპარვის, გაფლანგვის ფაქტი და ის არის სისხლის სამართლის დამნაშავე კრიმინალი. „არცერთი სიტყვა იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე მტკიცებულების მოპოვების მომენტში უკანონობა იყო ჩადენილი სახელმწიფოს მხრიდან, ან არაკანონიერი იყო, ან მისი უფლება დაირღვა, ან არ მოუპარავს მას ის მილიონები, რომელიც მოიპარა, მის დანაშაულთან და მსგავს საკითხებთან დაკავშირებით არანაირი ეჭვი [არ თქმულა].
გადმოცემით ვიცი, რომ კარგი, უპრიანი იქნებოდა, რომ მას, რადგან სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს შალვა თადუმაძე იყო გენერალური პროკურორი, უზენაეს სასამართლოში ეს რეზონანსული საქმე აეცილებინა, რადგან ცნობილი იქნებოდა მისთვის ამ საქმის შესახებ და მიკერძოების ნაწილში შეიძლება გარკვეული პრობლემები ყოფილიყო. მას [გიგი უგულავას] სასამართლოს მიერ, უკვე საბოლოოდ ეჭვშეუტანლად დადასტურებული აქვს რამდენიმე ათეული მილიონის ბიუჯეტიდან მოპარვის, გაფლანგვის ფაქტი. მან ეს ზიანი ჩვენს ქვეყანას მიაყენა და ის არის სისხლის სამართლის დამნაშავე კრიმინალი“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
Previous: რადიკალურ ოპოზიციას უკვირს, როგორ შეიძლება კუთვნილ ადგილს იკავებდე არა „ხაზეინის“ კეთილი ნებისა თუ პირადი დაინტერესების გამო, არამედ გუნდური თამაშის წესების მიღებისთვის