პოზნანში გარდაიცვალა 5 თვის ბიჭი, რომელიც მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში იმყოფებოდა. პოლონეთის პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულია ბავშვის დედა – საქართველოს მოქალაქე თამარ. კ. ასევე, მისი ორი მეგობარი – მოლდოვის მოქალაქე მამაკაცები. ძებნაშია ბიჭის მამა, ასევე საქართველოს მოქალაქე, ნაზგური. კ.
პოლონური მედიის ინფორმაციით, 2 აპრილს 5 თვის ბიჭი დედამ პოზნანის პედიატრიულ ცენტრში მიიყვანა. მისი თქმით, ბავშვს დაზიანება არ მიუღია, თუმცა, გონება დაკარგა. სამედიცინო გამოკვლევების მიხედვით, ბიჭს თავის ქალის მოტეხილობა და ტვინის დაზიანებები აღმოაჩნდა, რომლებიც, ექიმების თქმით, არა ერთი დაცემის, არამედ, რამდენიმედღიანი ძალადობის შედეგი შეიძლებოდა ყოფილიყო.
ბავშვი 8 აპრილს გარდაიცვალა. პოზნანის რაიონულმა პროკურატურის ცნობით, ბავშვს ქალის მოტეხილობის გარდა, ჰემატომაც ჰქონდა.
საქმესთან დაკავშირებით დააკავეს ბავშვის დედა და ორი მამაკაცი – ალექსანდრე ს. და ვლადისლავ მ. გამოძიების ცნობით, ორივე მამაკაცი ბავშვის მამასთან ერთად, დედის არყოფნის დროს ბიჭზე ზრუნავდა. ბავშვის დედას და ორივე მამაკაცს ბრალი წარუდგინეს ჩვილის მძიმე ფიზიკური დაზიანების დაუყოვნებლივი რისკის ქვეშ დაყენებისა და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისთვის პირველადი დახმარების არგაწევაში. ისინი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან და თავს უდანაშალოდ ცნობენ.
“სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის შეფასებით, ბავშვს სერიოზული ფიზიკური დაზიანება ჰქონდა, რაც სიცოცხლეს რეალურ საფრთხეს უქმნიდა. მან ასევე განაცხადა, რომ დაზიანებები, სავარაუდოდ, გამოწვეული იყო ბავშვის ძლიერი ნჯღრევის და თავის მყარ საგნებზე დარტყმის, ან იატაკზე დაცემისა და დარტყმის შედეგად“, – განაცხადა პროკურორმა ლუკაშ ვავრჟინიაკმა.
ბიჭის მამას, ნაზგური კ-ს პოლიცია ეძებს. პროკურორი წინასწარი პატიმრობის დაუსწრებლად შეფარდებას ითხოვს.
ბავშვის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს გაკვეთის შედეგები დაადგენს.