ჰილის თქმით, UK-მ საკუთარ წყლებში რუსული წყალქვეშა ნავების შესაკავებლად ძალები გაგზავნა

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი ჯონ ჰილიგაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილიმ 9 აპრილს განაცხადა, რომ ბრიტანეთმა შეიარაღებული ძალები გაგზავნა, რათა არ დაუშვას საკუთარ კაბელებსა და მილსადენებზე რუსული წყალქვეშა ნავების მხრიდან თავდასხმა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ბოლო რამდენიმე თვე ბრიტანულ წყლებში კრიტიკული მნიშვნელობის წყალქვეშა ინფრასტრუქტურის მონიტორინგსა და შესწავლას დაუთმო.
ჰილის თქმით, ბრიტანული ძალები და მოკავშირეები, მათ შორის, ნორვეგიაც, თვალყურს ადევნებდნენ და შეაკავეს რუსული ხომალდების მავნებლური საქმიანობა. მან განმარტა, რომ ოპერაციის გასაჯაროების გადაწყვეტილების მიზანია, ვლადიმირ პუტინმა გაიგოს, რომ გაერთიანებულმა სამეფომ რუსული წყალქვეშა ნავები შენიშნა.
თავდაცვის მინისტრის მიხედვით, რუსულმა წყალქვეშა ნავებმა ბრიტანეთის წყლები უკვე დატოვეს და ჩრდილოეთისკენ გაემართნენ. ჰილიმ დაამატა, რომ წყალქვეშა ინფრასტრუქტურაზე დაზიანების კვალი არ შეინიშნებოდა.
“პრეზიდენტ პუტინს ვეუბნები – ‘ჩვენ გხედავთ. ვხედავთ თქვენს მოქმედებებს ჩვენი კაბელებისა და ჩვენი მილსადენების თავზე და უნდა იცოდეთ, რომ მათი დაზიანების ნებისმიერი მცდელობის მიმართ ტოლერანტულები არ ვიქნებით და ამას სერიოზული უარყოფითი შედეგები მოჰყვება’.” – განაცხადა ჰილიმ.
მანვე დაამატა, რომ გაერთიანებული სამეფოს ძალებმა რუსულ წყალქვეშა ნავებს “ეჭვიც კი არ დაუტოვეს, რომ მათი მონიტორინგი მიმდინარეობდა, რომ მათი გადაადგილებები ფარული არ ყოფილა, როგორც ამას პრეზიდენტი პუტინი გეგმავდა, და რომ საიდუმლო ოპერაციის ჩატარების მხრივ მათი მცდელობა გამოაშკარავდა.”
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, რუსული ოპერაცია მოიცავდა Akula-ს კლასის მოიერიშე წყალქვეშა ნავსა და ასევე მოსკოვის ღრმა წყლების კვლევის სამმართველოს (GUGI) ორ სპეციალურ წყალქვეშა ნავს.