აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ყოფილი ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციაში დასაქმდა. ამის შესახებ რუსული მედია РБК ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
РБК-ს ცნობით, არძინბამ ადმინისტრაციაში სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის დეპარტამენტში არსებული სტრატეგიული ინიციატივების კოორდინაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიცია დაიკავა, რომელიც უცხო ქვეყნებთან მიმართებით პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე იმუშავებს.
აღნიშნულ დეპარტამენტს როსატომიდან წამოსული ვადიმ ტიტოვი ხელმძღვანელობს და ის პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის, სერგეი კირიენკოს მართვის უფლებამოსილებაში შედის, წერს მედია. РБК-ის წყაროების თქმით, კირიენკოს პასუხისმგებლობის სფეროში ნაწილობრივ აფრიკის ქვეყნებიც შედის.
“იქ ქვეყნების მიხედვით მკაფიო დაყოფა არ არსებობს, თანამშრომლები სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა ამოცანების გადაწყვეტაზე მუშაობენ” – უყვება ამტკიცებს რუსეთის მთავრობის ჩინოვნიკი მედიას.
კიდევ ერთი წყაროს თქმით, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ახლოსაა, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა იმისთვის, რომ მკაფიოდ განისაზღვროს უფლებამოსილებების გამიჯვნა ახალ დეპარტამენტს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა სტრუქტურებს შორის, რომლებიც საგარეო პოლიტიკით არიან დაკავებული.
ინალ არძინბამ აღნიშნულ თემაზე კომენტარისთის РБК-ს ზარსა და შეტყობინებას არ უპასუხა.
არძნბა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან აფხაზეთის ყოფილმა მარიონეტმა ლიდერმა, ასლან ბჟანიამ 2024 წლის 7 მაისს გაათავისუფლა. ის ამ პოსტზე 2021 წლის 17 ნოემბერს დაინიშნა. ინალ არძინბა ოკუპირებული აფხაზეთის პირველი ე.წ. პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას ნათესავია.
აქამდე, 2014-2018 წლებში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, დსთ-ს ქვეყნებთან და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის მართვის სტრუქტურაში მუშაობდა. 2018 წელს იგი გახდა რუსეთის პატრიარქის კირილის დაქვემდებარებაში შექმნილი ახალგაზრდობის საკითხთა რელიგიათაშორისი საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარე.