სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი აცხადებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში სექტორის საინვესტიციო მიმზიდველობა შემცირებულია.როგორც შალვა ალავერდაშვილი BMG-სთან ამბობს, ამ ეტაპზე მაგალითად, თბილისში სასტუმრო ოთახების ჭარბი მიწოდებაა, რაც სტუმარმასპინძლობის დარგში ინვესტირებას ნაკლებად მიმზიდველს ხდის.მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში რეგიონსა თუ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, ომები და არასტაბილურობა ნეგატიურად პირველ რიგში, სწორედ ტურიზმის სექტორზე აისახება. შედეგად, კი სასტუმრო ბიზნესიდან შემოსავლები სულ უფრო არასტაბილური ხდება.“პირველ რიგში, დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენ გარშემო, სამეზობლო და ზოგადად, გარემო მსოფლიოში ამ ეტაპზე არასტაბილურია, რაც ყველაზე ძალიან ურტყამს ტურიზმის სექტორს. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ახლა რაც ხდება დუბაიში, ეს ტურისტული „მექა“ ამ წუთისთვის აბსოლუტურად დაცარიელებული სასტუმროების ქალაქად გადაიქცა, სადაც საკმაოდ ბევრი ქართველი პერსონალი მუშაობს, ყოველდღიური კონტაქტი მაქვს ამ ხალხთან და ზუსტად ვიცი, რა ხდება იქ.ზუსტად აქედან გამომდინარე, ზოგადად სასტუმრო/სტუმარმასპინძლობის სექტორი ნებისმიერი მოვლენისადმი გარშემო ძალიან მგრძნობიარეა. ბოლო ექვსი-შვიდი წელი უკვე სხვანაირად ვცხოვრობთ. განსაკუთრებით კოვიდის და კოვიდის შემდგომ პერიოდში საკმაოდ ტურბულენტური მდგომარეობა გვაქვს. ძალიან ბევრმა გადაწყვიტა, რომ ამ სერვისში და ამ მიმართულებით ინვესტიციებში დიდი თანხები აღარ ჩადოს, იმიტომ რომ აქედან შემოსავლები არასტაბილური გახდა. შესაბამისად, ამას ხედავენ ბანკებიც და ბანკებისთვისაც არასტაბილურ ბიზნესად გადავიქეცით.შესაბამისად, უფრო მეტი მოთხოვნებია ჩვენი ბიზნესისადმი სესხის მიმართულებით – ეს ერთი. მეორე – თვითონ ამოღების კოეფიციენტი. როგორც მოგეხსენებათ, ადრე თუ ვლაპარაკობდით ხოლმე, რომ სასტუმრო თავის თავს, მაგალითად, 7-8 წელში “ასწორებდა”, ამოიღებდა ინვესტიციას, ახლა გახდა უკვე 20 წელი და უფრო მეტი. შესაბამისად, სექტორი დღევანდელი მდგომარეობით, საინტერესო ნამდვილად აღარ არის ინვესტიციების განსახორციელებლად და ადამიანები ინვესტიციების განხორციელების საშუალებას სხვა მიმართულებით ეძებენ”, – აცხადებს შალვა ალავერდაშვილი.ჰოტელიერი არასტაბილ გარემო პირობებში სასტუმროების იმ სეგმეტზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებშიც ინვესტირება უფრო ხელსაყრელია.”ყოველ ორ-სამ თვეში ხდება რაღაც ისეთი, რაც ტურიზმს პირდაპირ ურტყამს. საქართველოში საკმაოდ არასტაბილური გარემოა. ჩვენ, სექტორში მომუშავე ადამიანები, თვითონ სექტორის წევრები, მოთამაშეები, ვინც დიდი ხანია აქ ვართ, ძალიან დაძაბულები ვართ იქიდან გამომდინარე, რომ ნამდვილად არ ვიცით ხვალ რა მოხდება, როგორ წავა ეს ბიზნესი, როგორი მიმართულებით უნდა განვვითარდეთ, რომელ ბაზარზე შევიდეთ და ა.შ.ერთადერთი მიმართულება, რაც კიდევ შეიძლება განვიხილოთ, შეიძლება იყოს ხუთვარსკვლავიანი, მაღალი დონის სასტუმროები. იქიდან გამომდინარე, რომ მაღალბიუჯეტიანი სეგმენტი ამ ეტაპისთვის ჩვენთან შედარებით უფრო მეტად მუშაობს. დანარჩენი, საშუალო დონის 3-4-ვარსკვლავიანი სასტუმროების მშენებლობას, ჩემი აზრით, ამ ეტაპზე, განსაკუთრებით თბილისის მასშტაბით, აზრი არ აქვს. იმიტომ, რომ თბილისში ისედაც 10 000 ოთახით მეტი გვაქვს, ვიდრე ამ წუთში დედაქალაქს სჭირდება”, – განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.bm.ge