ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს მორიგი წოდება ვადამდე მიანიჭა

ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს მორიგი უფროსი სპეციალური წოდება – „სახელმწიფო უსაფრთხოების პოლკოვნიკი“ მიანიჭა. შესაბამისი ბრძანება 8 აპრილს გამოიცა. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს და სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცეპოლკოვნიკს ვადამდე ენიჭება მორიგი სპეციალური წოდება.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ ზუსტად ერთი თვის წინ მიანიჭა მამუკა მდინარაძეს ვიცეპოლკოვნიკის წოდება. მანამდე კი უსაფრთხოების სამსახურში მისთვის წოდებების მინიჭება შემდეგნაირად ხდებოდა:

  • 2025 წლის 3 სექტემბერს მას მიენიჭა „სახელმწიფო უსაფრთხოების ლეიტენანტის“ წოდება.
  • 2025 წლის 23 ოქტომბერს მიენიჭა „სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსი ლეიტენანტის“ წოდება.
  • 2025 წლის 25 დეკემბერს მიენიჭა „სახელმწიფო უსაფრთხოების კაპიტნის“ წოდება.
  • 2025 წლის 26 დეკემბერს (ერთი დღის შემდეგ) — „სახელმწიფო უსაფრთხოების მაიორის“ წოდება.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭებას კანონი განსაზღვრავს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:

ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი;

ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;

გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;

დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი, გენერალ-პოლკოვნიკი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მამუკა მდინარაძეს ახლა უკვე უფროსი სპეციალური წოდებებს შორის ყველაზე მაღალი წოდება აქვს. ამის შემდეგ მოდის უმაღლესი სპეციალური წოდებები, რომელსაც კანონის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი ანიჭებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით.

რაც შეეხება სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭებას, კანონის მიხედვით მოსამსახურეს სპეციალური წოდება ვადამდე ენიჭება:

ა) შეფასების შედეგების მიხედვით;

ბ) განსაკუთრებული დამსახურებისათვის;

გ) კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, წახალისების წესით.