თხევადი გაზი ის ერთადერთი საწვავია, რომლის შეძენაც ჯერ კიდევ იაფად შეიძლება. მერიამ კი არაბრენდირებული გაზგასამართი სადგურების დაჯარიმება სწორედ ახლა დაიწყო – ვახტანგ იობაშვილი

თბილისის მუნიციპალური ინსპექცია არაბრენდირებულ გასამართ სადგურებს აჯარიმებს, რომლებიც თხევად გაზს ყიდიან. ჯარიმის ოდენობა 2500 ლარიდან 5000 ათას ლარამდე მერყეობს. დაჯარიმებულ კომპანიებს მუშაობის გაგრძელების უფლებაც უჩერდებათ.რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილი აცხადებს, რომ უცნობია, რატომ ჯარიმდებიან კომპანიები, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში, საწვავზე ფასები კატასტროფულად გაიზარდა.მის თქმით, ამ პირობებში თხევადი გაზი ის ერთადერთი საწვავია, რომლის შეძენაც ჯერ კიდევ იაფად შეიძლება.„დაჯარიმებულია საკმაოდ ბევრი გასამართი სადგური. შედეგი იქნება ის, რომ თხევადი გაზის დეფიციტი შეიქმნება მომხმარებლისთვის, რადგან სადგურები გაჩერებული და დაკეტილია.კომპანიების დაჯარიმება და მათთვის მუშაობის უფლების შეჩერება აუცილებლად გამოიწვევს ყველაზე იაფი საწვავის დეფიციტს. თუ თავის შეკავება შეიძლებოდა წლების განმავლობაში, როცა არავინ აჯარიმებდა და არავინ აწუხებდა ამ ხალხს, რა მიზეზით დაიწყეს დაჯარიმება მაინც და მაინც დღეს, როცა კატასტროფულად გაიზარდა მთელ მსოფლიოში საწვავის ფასები? ზოგი დაჯარიმდა 5000 ლარით, ზოგი – 2500 ლარით და საუბარია საკმაოდ ბევრ კომპანიაზე.არ ვამბობ, რომ სრულიად ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ თუ დასაჯარიმებელი იყო, ხომ არ ჯობდა, დღევანდელი დღისთვის შეგვეკავებინა თავი, რადგან ქვეყანაში კატასტროფულად გაზრდილია საწვავის ფასი და ერთადერთი ალტერნატივაა თხევადი აირი, რომელსაც ადამიანები შედარებით იაფად ყიდულობენ?“, – აცხადებს ვახტანგ იობაშვილი.