Liverpool Echo: “ლივერპული” კატასტროფის წინაშე – მამარდაშვილისთვის შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ალისონის ხანგრძლივვადიანი მემკვიდრეა

Liverpool Echo-მ პსჟ-სა და „ლივერპულის“ ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩის წინ წერილი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ გიორგი მამარდაშვილისა და იბრაიმ კონატესთვის დღეს თავის წარმოჩენა მნიშვნელოვანია.
რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, წერილი ალისონის ქება-დიდებით იწყება – უძღვნიან სადიდებელ დითირამბს, ვითარცა ძველ საბერძნეთში ღვთაება დიონისეს.
„მერსისაიდული კლუბის დიად მეკარეთა პანთეონში ალისონს კვლავ პირველი ადგილი უკავია. მისი გასულ წლის მარტში „პარკ დე პრენსზე“ თამაში იმის ნათელ დადასტურებას წარმოადგენს, თუ რატომ რჩება პლანეტაზე ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად. თუმცა, საბოლოოდ მისი თავდადება ამაო გამოდგა, რამეთუ ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფისკენ გზად, ერთი კვირის შემდეგ „ენფილდზე“ პენალტების სერიაში მეტოქემ გაიმარჯვა.
ახლა, როდესაც საფრანგეთის დედაქალაქში ისევ გავლენ საასპარეზოდ, მათ რიგებში ტრავმის გამო ლეგენდარული ბრაზილიელი არ იქნება. ზოგიერთი ისე ცდილობს სიტუაციის წარმოჩენას, თითქოს ბეკერს მწვრთნელთან, არნე სლოტთან უთანხმოება აქვს. ისინი გასულ კვირაში მეკარის მიერ ტრავმის შესახებ გამოქვეყნებულ პოსტს ეყრდნობიან, სინამდვილეში კი მან ადრე ნიდერლანდელის გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა.
თუმცა, უდავოა, ტრავმები და დროება „თავის საქმეს აკეთებენ“ და საინტერესოა, გაგრძელდება თუ არა ზაფხულიდან „წითლებში“ მისი კარიერა. დღევანდელი საღამო გიორგი მამარდაშვილისთვის მორიგი შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ბრაზილიელის გრძელვადიანი მემკვიდრეა. თავის სადებიუტო სეზონში ქართველს, შესაძლოა, მოსალოდნელზე მეტი სათამაშო დრო ჰქონდა, მეტადრე ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც 10-დან 5 შეხვედრაში ითამაშა. გიორგის საკმაო გამოცდილება აქვს მიღებული „ვალენსიასა“ და საქართველოს ნაკრებში, რათა უსმან დემბელეს, დეზირე დუეს და მათ თანაგუნდელებს არ უფრთხოდეს. თანამემამულე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ყველაფერი იცის, ვინაიდან მასთან ერთად საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავს და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზეც ითამაშეს.
ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ გასულ სეზონში ალისონს ხშირად უწევდა „პარი სენ ჟერმენის“ შემტევების დარტყმების მოგერიება, იბრაიმ კონატეს ცუდი თამაში გახლდათ, რომელსაც ცენტრალური ნახევარმცველი სათანადოდ ვერ ეხმარებოდა. იგივე განმეორდა 12 თვის მერე ინგლისის თასზე „მანჩესტერ სიტისთან“ 0:4 განადგურებისას, როცა თვით საიმედო ვირგილ ვან დეიკიც ვერ იყო დამაჯერებელი. კონატეს ჩავარდნა კონტრაქტის ამოწურვის პერიოდს დაემთხვა და პსჟ მისით დაინტერესებული მრავალი კლუბიდან ერთ-ერთია. ამ კვირაში საფრანგეთში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იბრაიმი დარჩენასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე წასვლასთან, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ფრანგის საკითხის გადაწყვეტა ყველა მხარეს აწყობს.
„ლივერპულისთვის“ კიდევ ერთი იმედგაცრუება კატასტროფული იქნება და ზოგიერთი ფეხბურთელის ხანგრძლივი მომავლის პერსპექტივა სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.
კონატეს და მამარდაშვილს შეუძლიათ გადამწყვეტი როლი ითამაშონ იმაში, რომ გამოასწორონ მდგომარეობა, საპასუხო მატჩის წინ გუნდი უშანსოდ არ დარჩეს და მიანიშნონ უკეთეს მომავალზე“.