აშშ-ს ომის მინისტრი პიტ ჰეგსეთი და აშშ-ს გაერთიანებული შტაბების უფროსი, გენერალი დენ კეინი, 22 ივნისი, 2025Alex Brandon/APაშშ-ს უმაღლესი რანგის გენერალმა, დენ კეინმა 8 აპრილს განაცხადა, რომ აშშ-ს შეიარაღებული ძალები მზად არის ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების გასაგრძელებლად, თუკი ვაშინგტონსა და თეირანს შორის დიპლომატიური მოლაპარაკებები წარუმატებელი იქნება.
“ჩვენ მივესალმებით დამყარებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და იმედი გვაქვს, რომ ირანი ხანგრძლივ მშვიდობას აირჩევს, თუმცა, როგორც ომის მინისტრმა ჰეგსეთმა აღნიშნა, მკაფიოდ ვამბობთ, რომ ცეცხლის შეწყვეტა პაუზას ნიშნავს და ერთობლივი ძალები მზად არის, თუკი ბრძანებას მისცემენ და ეტყვიან, რომ საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდეს იმავე სიჩქარითა და სიზუსტით, როგორც ბოლო 38 დღის განმავლობაში ვაჩვენებთ და ვიმედოვნებთ, რომ ასე არ მოხდება.” – განაცხადა აშშ-ს გაერთიანებული შტაბების უფროსმა, გენერალმა დენ კეინმა პენტაგონში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანისთვის მიცემული ვადის გასვლამდე ორი საათით ადრე განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებს ორი კვირით აჩერებდა მას შემდეგ, რაც, მისი თქმით, თეირანი “ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნას”დათანხმდა.
მანამდე აშშ-ს პრეზიდენტი ირანის “მთელი ცივილიზაციის განადგურებით” დაიმუქრა, რასაც წინ უძღოდა ტრამპის განცხადება, რომ ვადის გასვლამდე შეთანხმების ვერ მიღწევის შემთხვევაში, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებზე მასშტაბურ თავდასხმით კამპანიას წამოიწყებდა.
ტრამპი: ირანზე შეტევას ორი კვირით ვაჩერებ, ეს ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტა იქნება!
ამის მიუხედავად, ირანის სამთავრობო მედიის მიხედვით, ჰორმუზის სრუტეში ნავთობით დატვირთული ტანკერების გადაადგილება კვლავ შეჩერებულია, რის საბაბადაც ირანი ლიბანზე ისრაელის იერიშებს ასახელებს. თავის მხრივ, ტრამპი უარყოფს, რომ ირანთან დადებულ ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში ლიბანის საკითხიც იყო გათვალისწინებული.
ამავდროულად, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გამოცხადების შემდეგ როგორც ტრამპმა, ასევე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ახსენა ირანის 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელსაც აშშ-ს პრეზიდენტმა “მოლაპარაკებებისათვის გამოსადეგი საფუძველი” უწოდა. თუმცა, მოგვიანებით ტრამპმა განმარტა, რომ მედიაში გავრცელებული ირანის 10-პუნქტიანი პირობების სია განსხვავდება იმ 10-პუნქტიანი წინადადებისგან, რომელიც აშშ-მ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის გამოსადეგ საყრდენად ჩათვალა.
ამასთან, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, ირანმა იერიში მიიტანა საუდის არაბეთის აღმოსავლეთ-დასავლეთის ნავთობის მილსადენზე, რომელიც სამეფოს ნედლი ნავთობის ექსპორტისთვის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს. საუდის არაბეთის ცნობით, ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ცხრა დრონი უვნებელყვეს, ხოლო ქუვეითმა განაცხადა, რომ ქვეყნის ინფრასტრუქტურაზე ირანული დრონებით თავდასხმას “მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი” მოჰყვა.