მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, გიორგი ჯამდელიანის თქმით, აწ გარდაცვლილმა პატრიარქმა ილია მეორემ სინოდის წევრებს “თავისუფალი არჩევანი დაუტოვა” იმის გადასაწყვეტად, თუ ვინ უნდა აირჩიონ მომავალ პატრიარქად.
მისი თქმით, ილია მეორეს რომ ჰქონოდა სურვილი, თავად დაესახელებინა მისი შემცვლელი, ამ სურვილს გაანდობდა მღვდელმთავრებს – “მაგრამ ღვთივგანსვენებული ჩვენი პატრიარქი ასე არ მოიქცა”.
“გაჟღერდა, რომ თითქოს პატრიარქი საუბრობდა პირდაპირი მემკვიდრის შესახებ, რის თაობაზეც არაფერი იცოდა მინიმუმ 35-მა მღვდელმთავარმა. მის უწმინდესობას, ღვთივგანსვენებულ პატრიარქს ყველა მღვდელმთავრის მიმართ ჰქონდა სულიერი მამაშვილური ურთიერთობა და იმხელა დამსახურება და ამაგი, რომ არაოფიციალურ გარემოში შეეძლო ჩვენი შეკრება და მისი პირადი სურვილის განდობა, მაგრამ ღვთივგანსვენებული ჩვენი პატრიარქი ასე არ მოიქცა, რადგან ჩვენგან განსხვავებით, ღმერთზე მეტად მინდობა ჰქონდა და ღვთივსულიერ კანონებში ღრმად განსწავლულმა მის სულიერ შვილებს – მღვდელმთავართა კრებას თავისუფალი არჩევანი დაუტოვა.
დაე, უფალმა მოგვცეს გული გონიერი, რათა ჩვენს შორის მუდამ სუფევდეს სიყვარული, თანხმობა და ქრისტესმიერი ერთსულოვნება. ამინ!” – წერს ეპისკოპოსი.
ამავე განცხადებაში ჯამდელიანი გამოეხმაურა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტის, საბა გიგიბერიასაც. ამ უკანასკნელმა, 7 აპრილის ქადაგებისას, ღიად დაუჭირა მხარი სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიო მუჯირს. საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრის მხარდამჭერი ქადაგებისას გიგიბერიამ უარყოფითად შეაფასა რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტის, იობის (აქიაშვილი) განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ილია მეორის ეპოქა დასრულდა და იწყება ახალი ეპოქა.
გარდა ამისა, მიტროპოლიტმა გიგიბერიამ თქვა, რომ ადამიანი, რომელიც საკუთარი თავისუფალი ნების მიხედვით იმოქმედებს და არ დაემორჩილება ღვთის ნებას, “მოუწევს სინანული” და “სასჯელის ატანა”.
ეპისკოპოსი ჯამდელიანი მიტროპოლიტ გიგიბერიას ამ ნათქვამს აფასებს “როგორც ერთგვარ ზეწოლას და სუბიექტური აზრების თავს მოხვევას სინოდის წევრებზე”.
“მინდა გამოვეხმაურო ჩემს ქრისტესმიერ უფროს ძმას, ღრმად პატივცემულ მღვდელმთავარს, რომლის მიმართაც ნამდვილად გამაჩნია დიდი პატივისცემა მისი მრავალი ღირსებისა გამო. რადგანაც სიტყვა საჯაროდ ითქვა, მეც შევბედავ და თუკი კადნიერებაში არ ჩამომართმევს, მივმართავ მას.
ძველი ქართული-ხალხური სიბრძნე ამბობს – “კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა”. მხედველობაში მაქვს ასევე პატივცემული მღვდელმთავრის, მიტროპოლიტ იობის სიტყვა ღვთივგანსვენებული პატრიარქის ღვაწლის შესახებ, სადაც ციტატა გააგრძელა სიტყვებით, რომ “დასრულდა ეპოქა და იწყება ახალი ეპოქა”. ამით მან ხაზი გაუსვა პატრიარქის ეპოქალურ პიროვნებას და მისი მოღვაწეობის პერიოდს თავისი განსაკუთრებული სახით (აქვე შეგახსენებთ სიტყვა “ეპოქის” მნიშვნელობას: ეს ნიშნავს დროის შედარებით დიდ მონაკვეთს, რომელიც გამორჩევა თავისი მნიშვნელოვანი ნიშნით – ისტორიული მოვლენებით, კულტურით, მეცნიერებით და საზოგადოებრივი ცვლილებებით).
სამწუხაროდ, როგორც ხშირად სჩვევია მასმედიას, მეუფის სიტყვა კონტექსტიდან იქნა ამოჭრილი. ამიტომ, კეთილგონივრული იქნებოდა, სანამ ძმას განვსჯიდეთ, გულისყურით მოგვესმინა.
ასევე, მიუღებელია დაემუქრო “მომავალში სინანულით და სასჯელით” შენს ძმებს, თუ ისინი ხმას არ მისცემენ ჩემთვის ასევე ღრმად პატივცემულ და ქრისტესმიერ ძმას – მოსაყდრეს. ამას მივიჩნევ როგორც ერთგვარ ზეწოლას და სუბიექტური აზრების თავს მოხვევას სინოდის წევრებზე”, – წერს ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი.
რა თქვა მიტროპოლიტმა საბა გიგიბერიამ
ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მიტროპოლიტმა საბამ 7 აპრილის ქადაგებისას ისაუბრა ილია მეორის გარდაცვალებასა და ახალი პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებულ დისკუსიაზე. მან თქვა, რომ სჯობდა სასულიერო პირებს “საზოგადოება არ შეეწუხებინათ”, თუმცა, რადგან სხვები საჯაროდ აფიქსირებენ საკუთარ პოზიციებს, თავადაც ისაუბრებს.
ამის შემდეგ მიტროპოლიტმა გიგიბერიამ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, შიო მუჯირის მხარდამჭერ ქადაგებისას განცხადებები გააკეთა. მიტროპოლიტ საბა გიგიბერიას შეფასებით, ილია მეორის მიერ თავის სიცოცხლეშივე შიო მუჯირის მოსაყდრედ დასმა არის მისი ანდერძი. გიგიბერიას თქმით, ილია მეორეს ბევრჯერ მიუნიშნებია, მათ შორის სინოდის წევრებისთვისაც, რომ უნდოდა, მის შემდეგ პატრიარქი სწორედ შიო მუჯირი გამხდარიყო.
ამ კონტექსტში კი გააკრიტიკა რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), რომელიც შიო მუჯირთან ერთად პატრიარქობის კანდიდატად მოიაზრება.
“ძალიან ბევრი რამ ითქვა, ძალიან ბევრი კითხვები დაისვა. ისიც კი ითქვა, რომ თითქოს პატრიარქის ეპოქა დასრულდა და ახალი იწყება, რასაც კატეგორიულად ვერ დავეთანხმები. ჩვენ თუ ვიტყვით და შევეგუებით, რომ პატრიარქის ეპოქა დამთავრდა, მაშინ ახალს ვერაფერს გავაკეთებთ ძალიან დიდხანს. პირიქით, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ პატრიარქის დაწყებული საქმე, როგორც სულიერ ცხოვრებაში, ისე სახელმწიფოებრივ, ეროვნულ ცხოვრებაში, რადგანაც პატრიარქი ამ ყველაფერს აერთიანებდა. ამიტომ, კი არ დამთავრდა, დღეს კიდევ უფრო მეტად უნდა განახლდეს და გაგრძელდეს ყველა ის სიტყვა, რომელიც პატრიარქის სიცოცხლეში არ გვესმოდა, დღეს იწყება ამის გაანალიზება, გაგება და შესრულება ეკლესიის წიაღში და ეკლესიის გარეთ, ქვეყანაში, ადამიანებში.
[…] ადამიანს შეუძლია და ღმერთმაც შეიძლება დაუშვას, რომ ადამიანი არ დაემორჩილოს ღმერთის ნებას და ის გააკეთოს, რაც მას სურს და მიაჩნია სწორად, ამისთვის გამოიყენოს თავისი თავისუფალი არჩევანი, მაგრამ მოვა დრო, როდესაც ღვთის ნება მაინც აღსრულდება და იმ ადამიანს თუ საზოგადოებას მოუწევს სინანული, თუ არა სასჯელის ატანა”, – განაცხადა მიტროპოლიტმა საბა გიგიბერიამ.
რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტმა იობმა ილია მეორესა და მისი გარდაცვალების შემდგომ საქართველოზე 4 აპრილის ქადაგებისას ისაუბრა.
“დასრულდა კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორის ეპოქა და იწყება ახალი ეპოქა. ჩვენ ვართ მიჯნაზე, რომ საქართველოში უნდა აირჩეს ახალი კათალიკოს-პატრიარქი.
მე მინდა გავიხსენო კირილე ათონელის წინასწარმეტყველება საქართველოსთან მიმართებაში, რომ ბოლო ჟამსო, საქართველოს ტერიტორიაზე შეიქმნება ახალი იმპერიაო. ეს არ არის ფიზიკური გაგებით იმპერია და პოლიტიკური გაგებით. ეს არის სულიერი გაგებით, რომ საქართველოში შეიქმნება სულიერი იმპერია. რას ნიშნავს ეს იმპერია?! ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა დაინახავს ქართულ სამოციქულო ეკლესიაზე ღვთის უდიდეს მადლს. ბევრი გახდება მართლმადიდებელი. მეორედ მოსვლის წინ უფალი მიმართავს საქართველოს – აღსდექ, საქართველო. აი ,როგორც ლაზარეს მიმართა და მართლაც აღდგება ტაძარი და მასთან ერთად აღდგება საქართველოც.
ჩვენ ერთმანეთში უნდა დავრწმუნდეთ, რომ სწორედ ეს პროცესები იწყება საქართველოში, აღდგინების პროცესი. ბოლო ჟამსო კეთილმსახური მეფისა და კეთილმსახური პატრიარქის ხელში გაბრწყინდება სრულიად საქართველო. ასე რომ, მომავალი ჩვენი არის ნათელი. მომავალში იწყება საქართველოს სულიერი გაბრწყინება. მადლობა უფალს, ჩვენი ერი და ჩვენი სამოციქულო ეკლესია მიდის სწორი გზით”, – განაცხადა მიტროპოლიტმა იობმა.
მიტროპოლიტი იობი, თანამოსაყდრე შიოსთან ერთად პატრიარქობის ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება.




