მამუკა მდინარაძე, რომელიც ირაკლი კობახიძის პრემიერობის კანდიდატად დასახელების შემდეგ, მის ნაცვლად საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გახდება, აცხადებს, რომ მისთვის დიდი პატივია კობახიძის თანამდებობის დაკავება.
„ტვ იმედის“ ეთერში მდინარაძემ აგრეთვე თქვა, რომ შესთავაზეს მისი ახალი და ძველი თანამდებობის – უმრავლესობის ლიდერისა და ფრაქციის თავმჯდომარის – შეთავსება.
„დიდი პატივია ჩემთვის ირაკლის თანამდებობის, ასე ვთქვათ, სტატუსის, დაკავება… შეიძლება, პირდაპრ ეთერში ასეთ რაღაცებზე არ ლაპარაკობენ, მაგრამ შემიძლია გულწრფელად გითხრათ – შემომთავაზეს, შევითავსო ფრაქციის თავმჯდომარეობასთან უმრავლესობის ლიდერის თანამდებობა. ეს შეიძლება ასეც, მაგრამ ვფიქრობ, სხვას შევთავაზო.. ამდენი თანამდებობა, პარტიაში, [პარლამენტში]…“, – განაცხადა მდინარაძემ.
სამთავრობო და საპარლამენტო ხელმძღვანელობაში ცვლილებები 29 იანვარს დაიწყო, როცა პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გადადგა. 1 თებერვალს, „ქართული ოცნების“ ყრილობაზე, ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარე გახდა, ხოლო პარტიის აწ უკვე ძველი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პრემიერობის კანდიდატად დასახელდა და ამგვარად, დატოვა უმრავლესობის ლიდერის პოსტიც.