რუსეთის ხელისუფლება სირიის მოქალაქეების რეკრუტირებას ახდენს და იაკუტიაში ოქროს მაღაროებში მუშაობას ჰპირდება. სინამდვილეში, იქ მათ სთავაზობენ ხელი მოაწერონ კონტრაქტს თავდაცვის სამინისტროსთან რუსეთის მოქალაქეობის სანაცვლოდ, რის შემდეგაც, როგორც „ნოვაია გაზეტამ“ გაარკვია, ისინი უკრაინაში საომრად იგზავნებიან.
გაზეთის ინფორმაციით, სირიელების რეკრუტირება სირიიდან შუამავლების მიერ ხორციელდება. ერთ-ერთი მათგანი ლიბიაში ოპერაციების ჩატარების მიზნით ადრე მსურველების რეკრუტირებას კერძო სამხედრო კომაპნია „ვაგნერისთვის“ ახდენდა.
მისი სახელია ვასიმ ალ დიმაშკი. ის სირიელებს არწმუნებს, რომ მათ ჩაიყვანენ იაკუტიაში ოქროს და ბრილიანტის მაღაროების დასაცავად, რისთვის ორი ათასი დოლარის ოდენობის ხელფასს და რუსეთის მოქალაქეობას ჰპირდებიან.
რუსეთში ჩასული სირიელების ბოლო პარტია, სავარაუდოდ, 40 ადამიანისგან შედგებოდა. თითოეული გადაბირებულისთვის ვასიმ ალ დიმაშკი $337-ს იღებს.