რუსეთში ვებგვერდების მუშაობის მონიტორინგის ტელეგრამ არხის, Sboi.rf-ის პოსტების მიხედვით, 6 აპრილის საღამოს საათებში რუსეთის მასშტაბით ბანკების, ტელეკომ ოპერატორების, სატელიტური კომპანიებისა და სხვა ორგანიზაციების ვებგვერდები და აპლიკაციები გაითიშა.
არსებული მონაცემებით, შემთხვევის ფარგლებში გაითიშა, მათ შორის, Rostelecom-ის, Alfa-Bank-ის, NTV Plus-ის საიტებიც. ხოლო Detector404.ru-ს ცნობით, მომხმარებლებს პრობლემები ჰქონდათ Sberbank-ის, Gazprombank-ის, Okko-სა და World of Tanks-ის სერვისებთანაც.
ამასთან, მომხმარებლების მიხედვით, მოსკოვში გაითიშა Rostelecom-ის სახლის ინტერნეტიც.
მანამდე რუსულ ბანკებს მნიშვნელოვანი ხარვეზები სამი დღის წინ, 3 აპრილსაც შეექმნათ, როცა რამდენიმე საათის განმავლობაში ხალხი ფულის გადარიცხვას, ანგარიშებიდან ნაღდი ფულის გამოტანას ან ბარათით თანხის გადახდას ვერ ახერხებდა. ექსპერტების მიხედვით, მომხდარზე პასუხისმგებელი რუსეთის მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის ფედერალური სამსახური, როსკომნადზორი იყო, რის შემდეგაც სააგენტომ მოითხოვა, რომ ჟურნალისტებს მსგავსი განცხადებების შემცველი სტატიები წაეშალათ.
მოგვიანებით Karspersky Lab-ის თანადამფუძნებელი და InfoWatch-ის პრეზიდენტი, ნატალია კასპერსკაია, იძულებული გახდა, ბოდიში მოეხადა, მას შემდეგ, რაც მან თქვა, რომ როსკომნადზორმა, “გვერდის ავლითი ინსტრუმენტების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში რუსულ ინტერნეტ სივრცეში სერვისების ნახევარი გათიშა.”