ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი თბილისში ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ერმეკ კოშერბაევს შეხვდა. მხარეებმა 2026-2027 წლებში საქართველოსა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის პროგრამას მოაწერეს ხელი.
“შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას. მხარეებმა ხაზი გაუსვეს შუა დერეფნის განვითარების პროცესში საქართველოსა და ყაზახეთის თანამშრომლობას.
შეხვედრის დასასრულს, საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს 2026-2027 წლებში საქართველოსა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის პროგრამას”. – წერია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, კომენტარი მაკა ბოჭორიშვილმაც გააკეთა.
“შესაძლებლობა გვქონდა, ჩვენი ურთიერთობების სტრატეგიულ დონეზე აყვანასთან დაკავშირებით გვესაუბრა და ის შესაძლებლობები განგვეხილა, რაც 2 ქვეყანას შორის ურთიერთობებშია – როგორც პოლიტიკურ დონეზე თანამშრომლობისთვის, ასევე ეკონომიკური მიმართულებით.
ერთი რამ ცალსახაა, საქართველოში საკმაოდ ბევრი ყაზახური ბიზნესი და ინვესტიციაა. ისინი ჩვენთან თავს ძალიან კარგად გრძნობენ, იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოში ეკონომიკური საქმიანობისთვის ძალიან კარგი კლიმატია და ქვეყანა საინტერესოა შემდგომში ამ ურთიერთობების გასაღრმავებლად […]
ჩვენ კონკრეტული სამოქმედო გეგმა გვაქვს, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორივე მხრიდან მომდევნო 2 წლის განმავლობაში იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერებას როგორც პოლიტიკურ დონეზე, ასევე ეკონომიკური მიმართულებით”. – თქვა ბოჭორიშვილმა.
ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში, დელეგაციასთან ერთად, 6 აპრილს ჩამოვიდა. ის ივანიშვილს პრემიერს, ირაკლი კობახიძესა და ივანიშვილის პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილსაც შეხვდება.