გრიგოლ ლილუაშვილი მოსამართლე ნატო ხუჯაძემ კვლავ პატიმრობაში დატოვა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოათბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე მორიგი სხდომა ჩატარდა.
დღევანდელ სხდომაზე ლილუაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადასინჯეს, მოსამართლე ნატო ხუჯაძემ სუს-ის ყოფილი უფროსი კვლავ პატიმრობაში დატოვა. სხდომაზე ასევე იმსჯელეს მტკიცებულებების დასაშვებობაზე, სწორედ ამ საკითხით გაგრძელდება განხილვა მომდევნო სასამართლო პროცესზე, რომელიც 22 აპრილს ჩატარდება.
გრიგოლ ლილუაშვილის საქმეს სასამართლო დახურულ რეჟიმში განიხილავს. პროცესს არ ესწრებიან ჟურნალისტები და სხვა პირები.
გრიგოლ ლილუაშვილის საქმე
გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება და 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
პროკურატურა ლულუაშვილს ქრთამის აღების რამდენიმე ეპიზოდს ედავება, მათ შორის:
პირველი ეპიზოდი: პროკურატურის ცნობით, 2022 წლის ოქტომბრში ლილუაშვილმა თურქი ინვესტორი ჩაღათაი ულქერისგან ეკონომიკის მინისტრის მაშინდელი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით ქრთამად აიღო 1 მილიონი დოლარი, “რათა ლობირება გაეწია ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისათვის”.
მეორე ეპიზოდი: უწყების ცნობითვე, 2022 წლის თებერვალში, კვლავ რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კომპანია “ექსპრესსერვისი 2008-ის” დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიას გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა 1 500 000 ლარი.
მესამე ეპიზოდი: პროკურატურის ცნობით, 2021-2023 წლებში “საქართველოში დარჩენილი ქოლ ცენტრების მცირე ნაწილის” მფარველი გრიგოლ ლილუაშვილი იყო, “რომელიც ამ საქმიანობას მისი ნათესავის, სანდრო ლილუაშვილის მეშვეობით ახორციელებდა”.
უწყების განცხადებით, ქოლ-ცენტრებიდან გრიგოლ ლილუაშვილმა, სანდრო ლილუაშვილის შუამავლობით ქრთამად, დაახლოებით 1 365 000 დოლარი მიიღო.
მეოთხე ეპიზოდი: “გრიგოლ ლილუაშვილი თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქრთამის აღების სანაცვლოდ, მფარველობას უწევდა თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. “ატკატებს” იღებდა”.
პროკურატურის ცნობით, “ლილუაშვილი-გვანცელაძის ხსენებულ დანაშაულებრივ სქემაში კახაბერ გვანცელაძეს ჩართული ჰყავდა სააგენტოს ფინანსური აღრიცხვისა და გაანგარიშების, ასევე მონიტორინგის თანამშრომლები”.
მაქვს ინფორმაცია, რომ კალაძე შემხებლობაში არაა – გვანცელაძის საქმეზე
გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილი, ანდრია ლილუაშვილი დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის 23 ოქტომბერს დააკავეს. ადვოკატის ცნობით, ანდრია ლილუაშვილის სახლიდან ჩხრეკის შედეგად თანხა არ ამოუღიათ.
იქამდე, 22 ოქტომბერს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის დააკავეს გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი კობა ხუნდაძე. კობა ხუნდაძის ძმა, ვლადიმერ ხუნდაძე ლილუაშვილის მეჯვარე და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილეა, რომელსაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის 1-ელ ნოემბერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.
ვლადმიერ ხუნდაძე ბრალდებულია გორში ძვირადღირებული ბრენდირებული ალკოჰოლური სასმელების ფაბრიკაციის საქმის ფარგლებში. 17 სექტემბერს საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო, კერძოდ, არაყი ბელუგა, ბელვედერი, გრეიგუსი, ვისკი ბორკანი და ჩივას რეგალი, რომელებსაც გორში უკანონოდ ამზადებდნენ. დააკავა 7 პირი, მათ შორის, გიორგი კანდელაკი, რომელსაც 24 დეკემბერს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 200 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა.
რაც შეეხება კობა ხუნდაძეს, მისი სახლის ჩხრეკის შედეგად, ამოიღეს 94 კონვერტად დახარისხებული სხვადასხვა ოდენობის ფულადი თანხა, მთლიანობაში 1 319 300 აშშ დოლარი.
უწყების ცნობით, კობა ხუნდაძემ შემუშავებული სქემით 2017-2025 წლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობის დაუსაბუთებელი შემოსავალი გაათეთრა.
ასევე ძებნაა გამოცხადდა გრიგოლ ლილუაშვილის კიდევ ერთ ახლობელზე, ქართული ოცნებიდან ვანის საკრებულოს ყოფილ დეპუტატ ბიჭიკო პაიკიძეზე. ლილუაშვილი პაიკიძის შვილის ნათლიაა.
სუს-მა 24 სექტემბერს განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი 4 184 249 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, შპს BP TRANS-ის დირექტორი ვალერიანე კვარაცხელია, ამავე კომპანიის თანამშრომელი ი.ჭ. და საზედამხედველო კომპანიის სამი თანამშრომელი დააკავეს. კვარაცხელიამ 18 ნოემბერს ბრალი აღიარა, ის 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
რაც შეეხება შპს BP TRANS-ის ყოფილ დირექტორს და 100%-იანი წილის მფლობელს, ბიჭიკო პაიკიძეს პატიმრობა დასუწრებლად შეეფარდა და ინტერპოლით ძებნა გამოცხადდა.
სავარაუდოდ, როცა ინტერპოლით დაიწყო ძებნა, უკვე ბარსელონაში იყო – პროკურორი პაიკიძეზე