ლელა ჯეჯელავა: ივანიშვილი გვაჩვენებს ქართველებს იმას, რომ ჩვენ ვართ უფლებააყრილი ადამიანები

„ივანიშვილისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური ინტერესია. ალიევთან შეხვედრაც დიდი ალბათობით მისთვის საინტერესო იყო იმით, რომ გაერკვია: ახალ ტრანსნაციონალურ პროექტებში, რომელსაც გვთავაზობს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, კონკრეტულად ივანიშვილმა საკუთარი ფინანსური ინტერესები როგორ შეიძლება ჩადოს?“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი ლელა ჯეჯელავა. მას ივანიშვილის შუშის სასახლეში ალიევის სტუმრობაზე ვესაუბრეთ.

გარდა იმისა, რომ ამ შეხვედრით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას, რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე? – პოლიტოლოგის დაკვირვებით, ტრამპი ალიევს რეგიონის ერთ-ერთ ლიდერად მოიაზრებს, -ს ინტერესები კი, რეგიონში მზარდია.

„ივანიშვილთან და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროსაც კარგად ჩანდა ალიევის სხეულის ენა, ჟესტები – ალიევი მხოლოდ სტუმრის ამპლუაში არ გრძნობდა თავს…“ – თავის დაკვირვებას გვიზიარებს პოლიტოლოგი. მას ამ შეხვედრის ყველაზე რეზონანსულ მომენტზეც ვეკითხებით: ალიევი და ივანიშვილი წინ მოდიან, უკან მოჰყვება

„გუშინ რაც ჩვენ ვნახეთ: ორი ლიდერის უკან ადევნებული, სრულიად დაბნეული ადამიანი, რომელიც დაჟინებით ითხოვს ჩვენგან, პრემიერ-მინისტრი დამიძახეთო… ამ სცენის მერე, როგორ შეიძლება ადამიანმა იფიქროს, რომ ივანიშვილი პატივს სცემს ქართველ ხალხს?

ან რა სტატუსით მასპინძლობდა ალიევს, როგორც ქვეყნის არაფორმალური ლიდერი? თუ ეს ასე არაა, როდის იყო ქვეყნის პრეზიდენტები, პარტიის თავმჯდომარეებს ხვდებოდნენ? ის, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, აბსოლუტურად ამოვარდნილია ყოველგვარი პროტოკოლიდან კი არა – ზოგადად პოლიტიკური კანონზომიერების ჩარჩოდან,“ – ამბობს ლელა ჯეჯელავა.

„ბათუმელებმა“ პოლიტოლოგ ლელა ჯეჯელავასთან ინტერვიუ ჩაწერა:

  • ქალბატონო ლელა, რა გამოჩნდა ყველაზე მნიშვნელოვანი ივანიშვილი-ალიევის შეხვედრაზე, რომელსაც ირაკლი კობახიძეც ესწრებოდა? 

ჩემთვის, ბუნებრივია, ყველაზე საინტერესო რჩება ალიევის ვიზიტის მიზანი – ის საკითხები, რომელიც განხილული იყო ივანიშვილთან შეხვედრის დროს, მაგრამ, როგორც ჩანს, ამის შესახებ ჩვენ ინფორმაციას არავინ არ მოგვცემს. შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ ეს რეგიონის გეოპოლიტიკურ ვითარებას უკავშირდება, მათ შორის იმას, რომ სამხრეთ კავკასია შეერთებული შტატების სტრატეგიული ინტერესების ზონა გახდა.

მოგეხსენებათ, ტრამპს არ უყვარს სუსტები – მას უყვარს ძლიერები. ტრამპი ალიევს  ამ რეგიონის მთავარ პოლიტიკურ ფიგურად განიხილავს. ამიტომაც, დარწმუნებული ვარ, ალიევი სწორედ მომავალი პროექტების განსახილველად ჩამოვიდა, რაც უკავშირდება ე.წ. TRIPP-ს და ასე შემდეგ: საქართველო რამდენად არის მზად, რომ აღმოჩნდეს შეერთებული შტატების გეოსტრატეგიული ინტერესების კონტექსტში?

ბევრი რამ ვნახეთ ამ შეხვედრაზე. პირადად მაქვს ასეთი განცდა, შეიძლება ეს ძალიან სუბიექტურია, მაგრამ უკვე მერამდენედ მიჩნდება შეგრძნება, რომ ბიძინა ივანიშვილს ძალიან არ უყვარს თავისი ხალხი: ყოველ ჯერზე, როდესაც ის ამცირებს ხოლმე უკიდურესი ფორმით იმ ადამიანებს, ვისაც თვითონვე დაარქმევს ხოლმე პრემიერ-მინისტრის სახელს, ეს სწორედ ამას ნიშნავს – ივანიშვილი დასცინის ქართველ ხალხს.

გუშინ რაც ჩვენ ვნახეთ: ორი ლიდერის უკან ადევნებული, სრულიად დაბნეული ადამიანი, რომელიც დაჟინებით ითხოვს ჩვენგან, პრემიერ-მინისტრი დამიზახეთო და თან ამის გამო გვსჯის კიდეც პერიოდულად, ხომ? აი, როგორ შეიძლება ამ სცენის მერე ადამიანმა იფიქროს, რომ ივანიშვილი პატივს სცემს ქართველ ხალხს? აქ კობახიძის პატივისცემაზე არ არის ლაპარაკი, იმ ხალხის პატივისცემაზეა, ვისგანაც პრემიერ-მინისტრის დაძახებას დაჟინებით ითხოვს.

ივანიშვილი უკვე მერამდენედ აჩვენებს, რომ არავინ არ არის. , რომელიც ისტერიულად ითხოვს ლეგიტიმაციას ჩვენგან, იმასაც ვერ ახერხებს, ივანიშვილის გვერდით დადგეს და უკან აჩრდილივით არ მიჰყვებოდეს.

  • დარღვეული იყო პროტოკოლი – მაგალითად, ალიევს მინისტრები წარუდგინა ივანიშვილმა, რომელიც არცერთ თანამდებობაზე არ არის და არა ირაკლი კობახიძემ?

ეს სრული აცდენაა პროტოკოლისა. ჩვენ ისიც არ ვიცით, რა სტატუსით მასპინძლობდა ალიევს, როგორც ქვეყნის არაფორმალური ლიდერი? თუ ეს ასე არაა, როდის იყო ქვეყნის პრეზიდენტები, პარტიის თავმჯდომარეებს ხვდებოდნენ?

ის, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, აბსოლუტურად ამოვარდნილია ყოველგვარი პროტოკოლიდან კი არა – ზოგადად პოლიტიკური კანონზომიერების ჩარჩოდან.

  • რა გზავნილი იყო ეს ივანიშვილისგან? 

ივანიშვილი გვაჩვენებს ქართველებს იმას, რომ ჩვენ ვართ უფლებააყრილი ადამიანები.

ის არ იძლევა საშუალებას უკვე მერამდენედ, რომ ჩვენი არჩევანი გავაკეთოთ. ის ხალხის არჩევანს ატრიალებს თავის სასარგებლოდ.

გვეუბნება, რომ მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, რა ჰქვია კონკრეტულ ადამიანს, რომელსაც დანიშნავს ქართველი ხალხის მწყემსად. ეგ არის ყველაზე უფრო მძიმე რეალობა და უკიდურესი შეურაცხყოფა.

ვრცლად