აბანოთუბანში 5 ოჯახს საკუთრებას ჩამოართმევენ ჰეიდარ ალიევის კულტურის ცენტრის აშენების გამო

დედაქალაქში, აბანოთუბანში „ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრის“ აშენება იგეგმება, რის გამოც ხუთ ოჯახს, წინააღმდეგობის მიუხედავად, ექსპროპრიაციის გზით, ქონებას ჩამოართმევენ. გადაწყვეტილებას ხელს აწერს „ქართული ოცნების“ მთავრობის ეკონომიკის მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი.

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ კანონის მიხედვით, ექსპროპრიაცია ნიშნავს: საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლისა და ამ კანონის შესაბამისად საკუთრების ჩამორთმევას ჩამორთმეული ქონების წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციით.

„პროექტი წარმოადგენს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტს და ვინაიდან, კომპანიასა და უძრავი ქონების მესაკუთრეებს შორის ვერ მოხდა შეთანხმება უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება“, – აღნიშნულია ბრძანებაში, რომლის შესახებაც თავდაპირველად BM.ge-მ დაწერა.

ცენტრი აზერბაიჯანის ექსპრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის სახელობის იქნება. ის ქვეყანას 2003 წლამდე, გარდაცვალებამდე მართავდა, მის შემდეგ კი ეს თანამდებობა მისმა შვილმა, ილჰამ ალიევმა დაიკავა.

ილჰამ ალიევი საქართველოში გუშინ, 6 აპრილს იმყოფებოდა. ეკონომიკის მინისტრის ამ ბრძანების გამოცემიდან 3 დღეში.

თავდაპირველად მშენებლობის დაწყება გორგასლის ქუჩა #25-ში იგეგმებოდა, ამისთვის 2023 წლის 27 ოქტომბერს „საძირკვლის ჩაყრის ღონისძიებაც“ გაიმართა. თუმცა „მოგვიანებით, შენობის ტერიტორიის დაპროექტებისას გამოვლინდა, რომ მიწის ნაკვეთები მშენებლობის განსახორციელებლად არ იყო საკმარისი“ და დამატებითი ორი დასახლებული სივრცის ათვისება, საიდანაც ერთის გამოსყიდვამ საქართველოს სახელმწიფომ გადაწყვიტა.

„მრავალ მილიონიან ინვესტიციაში ქართული მხარის ჩართულობა გამოიხატება უძრავი ქონების (ს.კ. №01.18.04.015.013) გამოსყიდვაში“, – წერია მარიამ ქვრივიშვილის მიერ 2026 წლის 3 აპრილს გამოცემულ ბრძანებაში.

ამ ეზოში 24 ადამიანს ეკუთვნის ბინა. მათგან 13 დათანხმდა სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ „გამოსყიდვის პირობას“, თუმცა 5 ადამიანი, რომელსაც ჯამში 11 სივრცე (საცხოვრებელი და სხვენი ეკუთვნის) ეკუთვნით, არ თანხმდებიან.

მინისტრი ქვრივიშვილი ბრძანებაში წერს, რომ „პროექტი წარმოადგენს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტს“ და ამის გამო „არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება“.

ამავე ბრძანებაში მოყვანილია „მეწარმეობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2007 წლის 18 მაისს მიღებული გადაწყვეტილება, რომელშიც წერია, რომ „მესაკუთრემ უნდა გაითავისოს, რომ არა მხოლოდ მას აქვს ინტერესები, არამედ ის იმყოფება სხვა ინტერესთა გარემოცვაში, რომელთაგანაც ის იზოლირებული არ არის და სადაც აუცილებელია ინტერესთა გონივრული ბალანსის დაცვა“.

საკუთრების მფლობელებს მინისტრ ქვრივიშვილის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებისთვის 1-თვიანი ვადა აქვთ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – 3-4 თვის წინ კობახიძეს და კალაძეს ილუზია გაუჩნდათ, რომ ივანიშვილი გაწეულია და შეუძლიათ აკეთონ ის, რაც სურთ, თუმცა ალიევთან შეხვედრაზე გამოჩნდა, ვინ არის ამ ქვეყნის პატრონი – რეალობას, რომელშიც ქვეყანა ცხოვრობს, ფარდა აეხადა!