ირაკლი კობახიძე, ილჰამ ალიევისაქართველოს დღეს, 6 აპრილს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მეუღლესთან ერთად ეწვევა. ინფორმაციას ივანიშვილის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში შედგება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესთან.
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია, რის შემდეგაც დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილისა და ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლებს საქართველოს პრემიერმინისტრი. გაიმართება ირაკლი კობახიძისა და ილჰამ ალიევის შეხვედრები როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ლიდერები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
საქართველოში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი გმირთა მოედანზე გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს, ასევე, პატივს მიაგებს აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის ხსოვნას” – ნათქვამია ადმინისტრაციის გავრცელებულ ინფორმაციაში.
ოფიციალური ცნობებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი, პრეზიდენტის თანაშემწე საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჰიკმეთ ჰაჯიევი, ეკონომიკის მინისტრი მიქაილ ჯაბაროვი, ენერგეტიკის მინისტრი პარვიზ შაჰბაზოვი და ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი რაშად ნაბიევი არიან.
აღსანიშნავია, რომ გუშინ, 5 აპრილს, ივანიშვილის რეჟიმმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე აფგან სადიგოვი “სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის” ქვეყნიდან გააძევა. აზერბაიჯანი სადიგოვის გადაცემას 2024 წლიდან ითხოვდა.
სადიგოვს შეეფარდა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით.
სადიგოვის ადვოკატის, სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელის, თამთა მიქელაძის თქმით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ბაქოშია, ნათესავების სახლში.
“როგორც ჩანს, დაკითხვის შემდეგ, მას სახლში წასვლის უფლება მისცეს. რამდენიმე საათში შევძლებთ მასთან საუბარს და მეტი გარემოების გაგებას. თქვენც აუცილებლად გაგიზიარებთ დეტალებს.
მნიშვნელოვანია, მოვლენებს დავაკვრიდეთ ძალიან მჭიდროდ. შეიძლება, რეჟიმის გეგმა იყოს რამდენიმე კვირაში ან თვეში მის წინააღმდეგ ახალი ბრალდების წაყენება და არსებული პროცესისგან დამოუკიდებლად, სრულიად ახალი საქმის შეკერვა. ამ მასშტაბის სპეცოპერაციის შემდეგ შეუძლებელია ენდო ავტოკრატებს.
ყველაზე მნიშვნელოვანი ტექსტი იმისა, თუ ალიევის რეჟიმის სინამდვილეში რა უნდა, იქნება ის, უახლოეს დღეებში აფგან სადიგოვს მისცემენ თუ არა აზერბაიჯანის დატოვებისა და მის ოჯახთან გაერთიანების უფლებას”. – წერს მიქელაძე.